"აჭარა ტექსტილის" ფოთის საწარმომ თანამშრომლებში Covid-ის დადასტურების გამო მუშაობა შეაჩერა
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო, „აჭარა ტექსტილი“ საწარმოს მუშაობას დროებით აჩერებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საწარმოს დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.
ფოთის საწარმოში Covid19–ის 29 შემთხვევა დადასტურდა, დღევანდელი მონაცემებით ამ რიცხვს რამდენიმე დაინფიცირებული კიდევ შეემატა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დანარჩენ საწარმოებში, ბათუმში, ქობულეთსა და რუსთავში ვირუსის შემთხვევბი არ ყოფილა და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, ყოველი დღე საწარმოსთვის ზარალია, რადგან კონტრაქტორებისთვის, Nike, Adidas და Under Armour–სთვის პროდუქციის მიწოდებაში დიდი მნიშვენლობა ვადებს ენიჭება. ამიტომ საწარმოს გაჩერებით, სერიოზული პრობლემები გვექმნება. ვცდილობთ, დანარჩენ საწარმოებში გადავანაწილოთ სამუშაო, თუმცა დატვირთულობა ყველგან დიდია და ვნახოთ როგორ გამოგვივა. მოგეხსენებათ, 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება მიმდინარეობს, შესაბამისად, ივლისის ბოლომდე დიდი დატვირთვით გვიწევს მუშაობა. სწორედ ამ მიმართულებით არის მოთხოვნაც, ადგილობრივი გაყიდვები არ გვაქვს," – აღნიშნავს, ლომინაძე.
„აჭარა ტექსტილის“ ფოთის საწარმო მუშაობას 11 აპრილს განაახლებს, თუ ახალი შემთხვევები არ გამოვლინდება. ლომინაძის თქმით, პანდემიური წელი კომპანიისთვის რთული აღმოჩნდა, რადგან დასაქმებულთა კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო მუშაობის შჩერება აქამდეც მოუწიათ.
„აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. საწარმო წლიურად დაახლოებით 10 მლნ ერთეულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის სამკერვალო ქარხნები ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და რუსთავში მდებარეობს, სადაც ჯამში დასაქმებულია ათასობით ადამიანი.