ბიზნესი
05/02/2021

აჭარა ჯგუფი: კვების ყველა ღია ობიექტი მზად არის სტუმრების მისაღებად

მთავრობის გადაწყვეტილებას 15 თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცესი ფუნქციონირების შესახებ „აჭარა ჯგუფი“ დადებითად აფასებს.

„მივესალმებით მთვარობის გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ და ასევე სხვა შესაბამის ბიზნესებს გვაძლევს ღია სივრცეში კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, "აჭარა ჯგუფში" შემავალი კვების ყველა ღია ობიექტი მზად არის სტუმრების მისაღებად კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციების დაცვით, რაც პანდემიის დაწყებისთანავე მკაცრად რეგულირდება ჩვენს ყველა ობიექტზე.

პანდემიამ შეცვალა მსოფლიოს წესრიგი და საქართველოშიც მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სხვადასხვა სფერო. გვესმის, რომ რთულია პროცესების პროგნოზირება და ბიზნესებსაც გვიწევს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გაზიარება, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელება და შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების, თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოხარული ვართ, რომ ეტაპობრივად ხდება შეზღუდვების შემცირება, რაც ჩვენი სფეროსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა,“ – აღნიშნა „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა „ბიზნესპარტნიორთან“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმატებით მუშაობისთვის და ოპერირებისთვის თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენც, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მსოფლიოსა და საქართველოში კორონა ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს და ვნერგავთ შესაბამის რეგულაციებს ჩვენს ობიექტებზე. ვიმედოვნებთ, რომ სხვა შეზღუდვებიც მალე მოიხსნება,“ – აცხადებს „აჭარა ჯგუფი“

„აჭარა ჯგუფი“ არაერთ რესტორანსა და ბარს აერთიანდებს, მათ შორის, Cafe Stamba, Pink Bar, შოკოლატერია, Shio Ramen, The Kitchen, Bar Room, Garden Bar, ყაზბეგის „რუმსის” რესტორანი და ბარი, Lolita, რესტორანი „ფაბრიკა“, ბარი Cocktails & Dreams, Milk, რესტორანი „აჭარა“ Holiday Inn™ Tbilisi.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდმაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.