7R გაფართოებას გეგმავს: ვაპირებთ, შვედური მოდელის დანერგვას
ქსოვილის ნარჩენებისგან ჩანთების, აქსესუარებისა და სხვადასხვა ნივთების მწარმოებელი სოციალური საწარმო 7R გაფართოებას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მისმა დამფუძნებელმა მარი ბენდელიანმა განუცხადა, კომპანიის სამომავლო გეგმებში სოციალური საწარმოების შვედური მოდელის დანერგვა შედის.
„ჯერჯერობით, ადგილობრივ ბაზარზე, საზოგადოებაში მწვანე პროდუქტების მიმართ ცნობადობის გაზრდით ვართ დაკავებული, თუმცა, რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ვაპირებთ, რომ ნარჩენების მართვის სექტორი გავაძლიეროთ და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ნარჩენები შევამციროთ.
როგორც მოგეხსენებათ, მწვანე პროდუქტი, მწვანე შეფუთვა და ზოგადად, ეკო მეგობრული პროდუქტები ყველაზე პოპოლარული ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია, მათ შორის - მოწინავე შვედეთია. ამიტომ, სწორედ შვედეთის მაგალითის აღებას ვაპირებთ, სადაც სოციალური საწარმოების ტერიტორიაზე არის სხვადასხვა სახელოსნოები, ეკო მეგობრული ნივთების მაღაზიები და საერთო სამუშაო სირცეები“, - აღნიშნა მარი ბენდელიანმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას, ამჟამად ,მხოლოდ 1 საწარმო აქვს, თუმცა, სოციალური საწარმო სწრაფი ტემპით ვითარდება.
„7R-ის შეიქმნის იდეა 2020 წელს გამიჩნდა, 2021 წლიდან კი აქტიური საქმიანობა დავიწყე. ამ დროის მანძილზე, მოვახერხეთ ის, რომ 7R-ის პროდუქცია რამდენჯერმე უკვე იყო წარმოდგენილი სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც წარმატებით რეალიზდა. ასევე, ჩვენი ნაწარმი სოციალური ნივთების მაღაზია „ესკიში“ იყიდება“, - განმარტა 7R-ის დამფუძნებელმა.
მარი ბენდელიანმა საექსპორტო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ განიხილება.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ქართული ნაწარმი უცხოურს კონკურენციას ვერაფრით გაუწევს, ამიტომ, როცა შევქმნით რაიმე განსხვავებულს, მაგალითად, ნარჩენებისგან პროდუქტს ქართული ტრადიციებითა და ორნამენტებით დავამზადებთ, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ექსპორტზე“, - აღნიშნა მარი ბედნელიანმა.
ცნობისთვის, სოციალური საწარმო 7R გორში მდებარეობს, პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით ონლაინ ახდენს, ასევე 7R-ის ნაწარმი იყიდება თბილისში, მაღაზია „ესკიში“.