
₾55 მლნ-იანი ინვესტიციით თბილისში YTONG-ის ქარხანა გაიხსნა
თბილისში გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხანა გაიხსნა.
პროექტში 55 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. როგორც ქარხნის გახსნაზე აღინიშნა, YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მლნ ლარის პროდუქციას აწარმოებს.
მსოფლიოს მასშტაბით YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. ბრენდის პროდუქციას შორის გამოარჩევენ სამშენებლო ბლოკს, რომელსაც სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს. გარდა ამისა, ქარხნის მფლობელების განცხადებით, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება, გამძლეა და არსებითად ზოგავს კომუნალურ გადასახადებს.
YTONG-ის ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა თბილისში, ლილოს დასახლებაში. YTONG-ის ქარხნის პროექტის განხორციელება „არქიმ“ 2015 წელს დაიწყო გერმანელ პარტნიორ „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.
"გამორჩეული გერმანული საწარმო YTONG მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის იქნება საქართველოშიც, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს ამიერკავკასიას დაფარავს", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე
მისივე თქმით, მთავრობის მთავარი მიზანი და ამოცანა არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, განვითარება და საქართველოში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა.
"პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომელიც 2014 წელს დავიწყეთ, წარმატებულია. სულ მინიმუმ 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან დაახლოებით 100 მილიონი ლარი მთავრობის თანადაფინანსება არის და დაახლოებით 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. რამდენიმე ათეული, ასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„რეგიონში პირველი საწარმო შეიქმნა, რომელიც მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას გამოუშვებს. აქ მთავარია ის, რომ მასალები, რომლითაც ეს პროდუქცია მზადდება, საქართველოში არის მოპოვებული. ძალიან მალე ამ პროდუქციით ჩანაცვლდება იმპორტი და საწარმოს ექნება შესაძლებლობა, რომ მომავალში აღნიშნული პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს. ყოველთვის მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა ქარხსნის გახსნაზე კახა კალაძემ.