₾50 მლნ-ის ინვესტიცია, 700-ზე მეტი ახალი თანამშრომელი - KTW ჯგუფის 2021 წელი
KTW ჯგუფი „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წელს აჯამებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, პანდემიური პერიოდის მიუხედავად, წელი წარმატებული აღმოჩნდა.
ზურაბ ჩხაიძე 𝐊𝐓𝐖 ჯგუფის 𝟐𝟎𝟐𝟏 წლის მთავარ მიღწევებს ასახელებს და აცხადებს, რომ ეს არის 𝟓𝟎 მილიონი ლარის ინვესტიცია ქართულ ბაზარზე და 𝟕𝟎𝟎-ზე მეტი ახალი თანამშრომელი.
კომპანიამ გასული წლის განმავლობაში 6 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო აწარმოა, 11 მილიონ ბოთლს გადააჭარბა ბრენდისა და ჭაჭის რაოდენობამ, რაც შეეხება ცქრიალა ღვინოს, მხოლოდ „გურამიშვილის მარნის“ კლასიკური პრემიალური ხაზიდან 50 000-ზე მეტი ბოთლი ჩამოასხა.
მისივე განმარტებით, ამ მონაცემებით KTW ჯგუფმა გასულ წელსაც საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-გაზრდაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმატებულად ჩაიარა რიგით 21-ე რთველმაც. კომპანიის საწარმოებმა ჯამურად 20 ათას ტონამდე ყურძენი მიიღო და გადაამუშავა როგორც 𝐊𝐓𝐖-ს ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მევენახეებისგან.
კომპანიამ გასული წლის გაანმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 𝟒𝟎𝟎 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე ახალი ვენახი გააშენა.
"ვენახების გაშენება ბოლო რამდენიმე წელიწადია 𝐊𝐓𝐖 ჯგუფის უმთავრესი მიზანია, რომელსაც ერთგულად მიჰყვება. ამასთან, 𝟐𝟎𝟐𝟏 წელს კომპანიის ტურისტულ რუკას კიდევ ერთი ახალი ლოკაცია ყაზბეგში - „ტერავინო“ შეემატა. ის ღვინის სადეგუსტაციო მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს,“-აცხადებს ჩხაიძე.
რაც შეეხება ექსპორტს, KTW ჯგუფისთვის მთავარი წარმატება აზიის ახალ ბაზრებზე გასვლა აღმოჩნდა. კომპანიამ აზიასთან ურთიერთობა თავდაპირველად ჩინეთის ბაზრით დაიწყო, დღეს კი, KTW ჯგუფის პროდუქცია კორეაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და ჰონკ-კონგშია ხელმისაწვდომი.
ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კომპანიის პროდუქციის მიმართ აზიასთან ერთად დაინტერესება აშშ-ს მხრიდანაც ფართოვდება. KTW ჯგუფის ღვინო უკვე აშშ-ს რამდენიმე შტატშია წარმოდგენილი. რაც შეეხება შიდა ბაზარს, სირთულეები, ისევე როგორც ბევრ ქართულ კომპანიას, KTW ჯგუფსაც შეხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ბაზარი ძირითადად ტურისტებზეა ორიენტირებული და მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, რეგულაციებიდან და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გასული წლის განმავლობაში შედარებით მცირე იყო.
„ეს იყო გამოწვევებითა და იმედით სავსე წელი მთელი საქართველოსთვის. გამოწვევით - ღირსეულად გავმკლავებოდით მსოფლიო პანდემიას და იმედით, რომ შევძლებდით მის საბოლოო დამარცხებას. თუმცა, ვფიქრობ, 𝟐𝟎𝟐𝟏-მა წელმა გვასწავლა მთავარი - ერთად დგომის სიძლიერე და მნიშვნელობა. მიხარია, რომ კიდევ ერთი პანდემიური წლის განმავლობაში შევძელით ღირსეულად გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 𝟐𝟎𝟐𝟐 წელს კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებით შევხვდე და 𝐊𝐓𝐖 ჯგუფთან ერთად კვლავ ღირსეულად ვემსახურო საქვეყნო საქმეს,“ - აღნიშნავს KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2001 წელს დააარსა და მისი ძირითადი საქმიანობა ღვინისა და ქართული ბრენდის წარმოებაა. დღეს KTW ჯგუფი 80-ზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომელსაც ბრენდი, შუშხუნა ღვინო და ჭაჭა ემატება. კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის.
KTW ჰოლდინგი დღეს აერთიანებს 23 შვილობილ კომპანიას სოფლის მეურნეობის, სტუმარმასპინძლობის, უძრავი ქონებისა და სასურსათო წარმოების მიმართულებით. ჰოლდინგში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.