ბიზნესი
26/04/2021

4 მცირე საწარმო და ₾4.4 მილიონის ინვესტიცია - მთავრობამ პროექტები დაამტკიცა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ 4 მცირე საწარმოს პროგრამა დაამტკიცა.

კერძოდ, მინისტრის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩინებულში შეიქმნება საკვები პროდუქტების შესანახი მცირე სამაცივრე მეურნეობა. განხორციელდება 616 000 ლარის ინვესტიცია.

ზესტაფონში შექიმნება ბოჭკოვანი მინის მწარმოებელი საწარმო. ჩაიდება 2 152 000 ლარის ინვესტიცია.

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში შეიქმნება 2 საწარმო. ერთი, 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის, სამშენებლო მასალის და ლითონის ნაწარმის მწარმოებელი მცირე საწარმო. მეორე, ქიმიური პროდუქციის, კერძოს სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი მცირე საწარმო, სადაც 600 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

“4 მცირე საწარმოს პროექტი განხორციელდება “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო ქონების კომპონენტი. მცირე ნაკვეთები, ნანგრევები, რომელიც საბჭოთა დროიდან უსარგებლოა, გადაეცემა საინვესტიციო ვალდებულებებით მცირე ბიზნესს, კერძო კომპანიებს, იმისათვის, რომ ახალი საწარმოები შეიქმნას და დასაქმდნენ ადამიანები“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, თითოეული ახალი საწარმო ათეულობით ადამიანს დაასაქმებს.