ბიზნესი
14/10/2020

€4 მლნ-იანი ინვესტიცია - Biodiesel Georgia ბიოსაწვავის ახალ საწარმოს ააშენებს

Biodiesel Georgia, რომელიც 2018 წლიდან მოხმარებულ ზეთს გადაამუშავებს და ბიოსაწვავს აწარმოებს, წარმადობის გაზრდას და მეორე, შედარებით მძლავრი საწარმოს აშენებას გეგმავს.

„გვაქვს საინტერესო გეგმები. საპილოტე პროექტი, რომელიც პირველი ნაბიჯისთვის გადავდგით, თავისთავად გულისხმობდა, რომ მიზანი უფრო ძლიერი ფინანსური ინვესტიციების განხორციელება, წარმადობის გაზრდა და ტენოლოგიური გადაიარაღება იყო. ამ ეტაპზე, ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს თუ რომელ რეგიონში განვათავსებთ ახალ საწარმოს და რა მაშტაბებზე იქნება გათვლილი", - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" Biodiesel Georgia–ს გენერალური დირექტორი მურმან პატარაია.

საბოლოო დეტალები 2021 წლის დასაწყისისთვის იქნება ცნობილი. რაც შეეხება, ფინანსურ მხარეს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ ევრო იქნება. "ჩვენი მიზანია, რომ ახალი ქარხნის ესკალაციის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ", - ამბობს მურმან პატარაია. 

Biodiesel Georgia-მ ბიოდიზელის საწარმოს განვითარებაში 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 40 ადამიანი. კომპანიას არსებობის 2-წლიან პერიოდში 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა. საწარმო 200 ტონამდე ბიოსაწვავის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამ დროისთვის 40%-იანი დატვირთვით მუშაობს.

ბიოდიზელის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მიღებულია ბიორესურსებისგან, ანუ არის განახლებადი, ეკოლოგიურად ყველაზე გამართლებული, სუფთა საწვავი. ამავდროულად ის არ შეიცავს მძიმე ლითონებს და მისი გამოყენების შედეგად ატმოსფერო არ ბინძურდება ტყვიით, გოგირდის ორჟანგით, სხვადასხვა კანცეროგენებით თუ სხვა მავნე მინარევებით.

 

Businesspartner