ბიზნესი
14/09/2022

4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლით, "ტენემ" თანამშრომელთა პროდუქტიულობა 30-40%-ით გაზარდა

4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლით, მსოფლიოში პირველი მწვანე, ეკომეგობრული USB კაბელების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ თანამშრომელთა პროდუქტიულობა 30-40%-ით გაზარდა. ბოლო 5 წლის მანძილზე, წელს პირველად, კომპანიამ მოგებაზე გასვლაც მოახერხა, ადგილობერივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა „ტენეს“ USB კაბელებზეც.

კომპანიას პროდუქცია ექსპორტზეც გააქვს და აშშ-ში იყიდება. კომპანია სამომავლოდ წარმოების გაფართოებას გეგმავს, განიხილება ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაც, მანამდე კი „ტენეს“ მიზანია საქართველოს ბაზარზე USB კაბელების მიმართულებით, უპირობო ლიდერი გახდეს და იმპორტირებული პროდუქცია სრულად ადგილობრივით ჩაანაცვლოს.

აღსანიშნავია, რომ „ტენეს“ საწარმო წეროვანში მდებარეობს, სადაც ამ ეტაპზე, 25 ადამიანია დასაქმებული. კადრების ზრდა კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს და ახალი თანამშრომლების აყვანაც, 4 დღიანი სამუშაო კვირის პირობებით ხდება. „ტენე“ ორიენტირებულია წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების ახალგაზრდებს ასაქმებს და აძლევს უკეთეს პირობებს ცხოვრებისთვის.

„ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი ამბობს, რომ "ტენე" 4 დღიან სამუშაო კვირაზე 6 თვეზე მეტია გადავიდა და ამან კარგი შედეგი მოიტანა.

"ადამიანები ცდილობენ, უფრო სწრაფად ჩაეტიონ ამ შედარებით მოკლე დროში. ისინი 2 დღე მუშაობენ, 2 დღე ისვენებენ. ყოველ 2 დღეში ვიქენდი ეწყებათ, პრაქტიკულად, სულ დასვენება აქვთ. ახერხებენ ქალაქგარეთ გასვლას, მეგობრებთან ერთად რაღაცების დაგეგმვას. კმაყოფილ თანამშრომელს კი მოაქვს უკეთესი განწყობა, შედეგი და პროდუქტიულობაც თავისთავად უკეთესია“, - აღნიშნა სანდრო ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, „ტენეს“ საწარმოში ამჟამად, ყველა ტიპის USB კაბელი იწარმოება. სამომავლოდ, ახალი პროდუქციის წარმოებაც განიხილება, თუმცა, მანამდე აღნიშნულ სხვა პროდუქციის იმპორტი (ყურსასმენები, კვების ბლოკები, გადამყვანები, მობილურის ჩასადებები) თურქეთიდან ხორციელდება და რეალიზაციაში „ტენეს“ მეშვეობით ხვდება.

ცნობისთვის, მსოფლიოში პირველი მწვანე, ეკომეგობრული USB კაბელი ქართულია და მას „ტენე“ ჰქვია. პროექტი კომპანია „ჯინვენტორმა“ განახორციელა, რომლის დამფუძნებელიც სანდრო ლილუაშვილია.“მწვანე” USB კაბელი მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.

Businesspartner