ბიზნესი
20/03/2023

"300%-ით გავზარდეთ წარმოება“ - ქართული წარმოების კერამიკის ნივთები სულ უფრო მოთხოვნადია

საქართველოში კერამიკის ნივთების ცნობადობა და გაყიდვები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, თანამედროვე სამყარო ინდუსტრიალიზაციიდან, ხელნაკეთ ნივთებზე აქტიურად გადავიდა და მსოფლიო ბაზრებზეც ამ ტიპის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა.შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი საწარმო იწყებს იმპორტირებული, თუ ადგილობრივი თიხისგან კერამიკის ნივთების წარმოებას. ერთ-ერთი ასეთი, სოციალური საწარმო „პოტერიაა“.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „პოტერიას“ მენეჯერი მედო კევლიშვილი აცხადებს, მათ საწარმოში თანამედროვე მიდგომებით, ქართული ტრადიციული ნივთების გაცოცხლებას ცდილობენ.

„ჩვენთან თიხის და ქართული ორნამენტების კომბინაციით, ხელნაკეთ ნივთებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები, მარტოხელა დედები, სოციალურად დაცველები, ძალადობის მსხვერპლი და სხვა საჭიროებების მქონე ქალები, ერთად ქმნიან. თითო ნივთი, ვიდრე საბოლოო სახეს მიიღებს, დაახლოებით 2 კვირიან პროცესს გადის, კერძოდ ისეთ ეტაპებს, როგორებიცაა: ძერწვა, გაჩარხვა, დაზუმფარება, გაშრობა, გამოწვა, მოხვატვა, მოჭიქვა და შემდეგ ისევ გამოწვა. შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი პროცესია“, - აღნიშნავს მედო კევლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, საწარმოში თვეში დაახლოებით, 1000-ამდე ნივთს ხელით ქმნიან და შემდეგ, მათ სრულ რეალიზაციას ახდენენ.

„თუ გაყიდვების კუთხით ადრე მხოლოდ უცხოელები აქტიურობდნენ, დღეს ეს რეალობა შეცვლილია და ჩვენი მყიდველის სოლიდურ წილს უკვე ადგილობრივებიც იკავებენ, შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, გავზარდეთ წარმოებაც. მაგალითისთვის, 2019 წელთან შედარებით, ჩვენი წარმოება დღეს 300 პროცენტითაა გაზრდილი“, - განმარტავს მედო კევლიშვილი.

ცნობისთვის, „პოტერია“ ერთ-ერთია იმ 150-მდე სოციალურ საწარმოს შორის, რომელიც, დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე, „პოტერიამ“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროკავშირისგან 23 ათას ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

 

Businesspartner