2040 წლისთვის საქართველო პლასტიკის ნარჩენებით აღარ დაბინძურდება
ქვეყანაში პლასტიკის პარკების წარმოება კიდევ უფრო შეიზღუდა. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამეტი რამდენიმე დღეა ამოქმედდა. შედეგად, საქართველოში სხვადასხვა ტიპის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. უფრო კონკრეტულად, კი შეზღუდვა ისეთ პარკებს შეეხო, რომლებიც მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქციის ასაწონად გამოიყენება. ზაფხულიდან კი მეწარმეებს ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ, ან ინგლისურ ენაზე წარწერის − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლოს დატანის ვალდებულება ექნებათ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა, რეგლამენტის მიზანი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაა. მისივე განმარტებით, საქართველო გეგმავს, 2040 წლისთვის სრულად დაასრულოს პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება.
„რომ გადავხედეთ საწარმოების შემოწმების პროცესს, მათ საქმიანობას - ბევრი რამ მეწარმეებისთვისაც არ იყო გარკვეული და მკაფიო. ამიტომ, ახალი გამოწვევები და ყოველდღიურობა იწვევს შინაარსობრივ ცვლილებებს რეგლამენტში. არ არის დასამალი, რომ მეწარმეების მხრიდან ხშირად იყო იმპროვიზაციები, რაღაც სხვა ფორმით ამ პარკების შენიღბვა და გატანა ბაზარზე. ჩვენთვის მთავარია, რომ მათი მიკვლევადობა იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, აქვე სავაჭრო ქსელებს მინდა მოვუწოდო, რომ რაღაც გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა აიღონ. ის, რომ ჯარიმა 500 ლარია და მათთვის ეს არაფერს ნიშნავს, ეს არ არის თემა - ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და ნელ-ნელა საზოგადოების ცნობიერებაც ამაღლდება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.
რეგლამენტის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობენ ბიზნესსექტორშიც და ამბობენ, რომ ისინი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებულ სამთავრობო ინიციატივებს მიესალმებიან. თუმცა, იქვე განმარტავენ, რომ ყველა ახალი დადგენილება, რომელიც სწრაფი ინტერვალებით ხორციელდება, მეწარმეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. ამიტომ, მწარმოებლები ხელისუფლებას ურჩევენ, სამეწარმეო ცვლილების განხორციელებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და იმ ქვეყნების გამოცდილებით იხელმძღვანელოს, რომლებიც წარმოების სფეროში 10-15 წელიწადში ერთხელ ახდენენ დადგენილებების შეცვლას.
„ჩვენ არ ვართ განებივრებული საწარმოო გამოცდილებით, ნედლეული ხელმისაწვდომი ასე მარტივად არ არის, რადგან ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც უშუალოდ ნედლეულს ვაწარმოებთ, ამიტომ, ახალი რეგულაციების საკითხი ძალიან ფრთხილად მისაღებია. მით უმეტეს, ბიოწარმოებაზე როცა არის საუბარი. ბიონედლეული სერიოზული პრობლემაა დღეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ - მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, სწრაფი ცვლილება პირობითად, 6 თვეში ერთხელ, სასურველ შედეგს არ მოგვიტანს, რადგან ყოველთვის ეცდება ზოგი მეწარმე, რომ კანონგარეშე იმოქმედოს“, - განმარტა მელიტა ტყაბლაძემ კომპანია „აა პლასტის“ იურისტმა.
როგორც მწარმოებლები, ისე მაღაზიების წარმომადგენლები, ამოქმედებული რეგლამენტის ფინანსურ მხარეზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რაც უფრო მეტ წარმოების ციკლს გადის პროდუქცია დანადგარიდან ქსელამდე, ეს ფასზე ახდენს გავლენას. მათივე ინფორმაციით, პოლიეთილენთან შედარებით, ბიოპარკის ფასი დაახლოებით 3-ჯერ ძვირია.
„2018 წლიდან მოყოლებული, რომ გავითვალისწინოთ ყველა ის რეგულაცია, თავისი ბიოწარმოებიდან დაწყებული, შეიძლება ითქვას, რომ 40%-ით მაინც არის გაძვირებული როგორც მწარმოებლისთვის, ამავდროულად, მომხმარებლისთვის. პროდუქტი, რომელშიც დღეს ისინი თანხას იხდიან, საკმაოდ ძვირია“,- განმარტა მელიტა ტყაბლაძემ.
"რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის სოფიო ქაშაკიშვილის ინფორმაციით, ძალიან დიდი მოთხოვნაა წონით პროდუქციაზე, შესაბამისად, ზუსტად ის ადამიანები ყიდულობენ ამ პარკებს, რომლებიც წონით ყიდულობენ საკვებს.
"თუ პარკი გაუძვირებთ მათ საკვების ფასს, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება მომხმარებელზე, ვისაც დაბალი მსყიდველუნარიანობა აქვს“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკიშვილმა.
პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ახორციელებენ.