ბიზნესი
09/09/2022

2025 წლიდან ავტომობილებში კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება

მძღოლებმა, რომელთა ავტომობილებს კატალიზატორი არ აქვთ, ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყონ, რადგან 2025 წლიდან კატალიზატორის ქონის გარეშე ავტომობილი ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის და ეს ვადა, დიდი ალბათობით, აღარ გადაიწევს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა.

კატალიზატორი, რომლის დანიშნულება გამონაბოლქვში ტოქსიკური ნივთიერების შემცირებაა, საქართველოში ავტომობილების საკმაოდ დიდი ნაწილიდან ამოღებულია, რადგან ძვირფასი ლითონების შემადგენლობის გამო ის ბაზარზე საკმაოდ ძვირად იყიდება - მისი ფასი 200 დოლარიდან 1000 დოლარამდეა. სწორედ მაღალი ფასია ის მიზეზი, რის გამოც, იორდანიშვილის თქმით, ახალი ვალდებულება ავტომფლობელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, რადგან მათ კატალიზატორების ყიდვა და დაყენება მოუწევთ. მისივე განმარტებით, მართალია, არსებობს შედარებით იაფფასიანი ალტერნატივა - ე.წ. უნივერსალური კატალიზატორები, რომელთა ფასი საშუალოდ 300 ლარია, თუმცა ის შესაძლოა, ერთ წელიწადში მწყობრიდან გამოვიდეს.

იორდანიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ავტომობილის გამონაბოლქვის CO-ს დასაშვები მაქსიმალური ზღვარი 0.6 პროცენტია, 2023-ში ეს მაჩვენებელი 0,55 იქნება, 2024 წელს კი 0,5. თუმცა, მისივე თქმით, ეს მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემა არ იქნება, რადგან ავტომობილის გამართვის შემთხვევაში გამონაბოლქვის დონის შემცირება და ტექდათვალიერების გავლა შესაძლებელია. კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება კი ამ მხრივ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან ის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ვაჟა იორდანიშვილი ასევე აცხადებს, რომ მართალია, ცვლილება მტკივნეულია, მაგრამ მისი განხორციელება აუცილებელია ისევე, როგორც აუცილებელი იყო ტექინსპექტირების ვალდებულების შემოღება, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ავტოპარკის გამართვისა და განახლების კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა. ამასთან, იორდანიშვილი მთავარ გამოწვევად კანონის აღსრულებას ასახელებს, რომლის გარეშეც ნებისმიერი რეგულაციის გამკაცრებას აზრი ეკარგება.

„ახლა საუბარია ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის დაწესებული 50-ლარიანი ჯარიმის გაზრდაზე. თუმცა თუ კამერებმა არ იმუშავა და არ მოხდა აღსრულება, რა აზრი აქვს, გავზრდით ჯარიმებს თუ არა ან შემოვიღებთ თუ არა კატალიზატორის ქონის ვალდებულებას?“ - აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. ამ ეტაპზე მოქმედი კანონით, კატალიზატორის არსებობა ტექდათვალიერების გავლისთვის აუცილებელია იმ მანქანებისთვის, რომლებიც 2020 წლის შემდეგაა განბაჟებული.

ცნობისთვის: ავტომობილებისთვის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023