ბიზნესი
17/07/2020

2021 წლიდან შესაძლოა ქართული ტელევიზორის წარმოება განახლდეს

3 წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-ი ქართული ტელევიზორების წარმოებას აღადგენს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, წარმოების განახლება 2021 წლისთვის იგეგმება.

როგორც ცნობილია, კომპანიამ ქართული ტელევიზორების წარმოება 2018 წელს შეაჩერა და ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო რისივერების გამოშვებაზე გადავიდა, რომელიც ამ ეტაპზე 100%-ით ექსპორტზე გადის. კომპანიამ კრიპტოვალუტების გამომუშავებაც დაიწყო.

დღეს  კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი აცხადებს, რომ წარმოებული ტელევიზორები მაღალი ხარისხის იყო და საკმაოდ მოთხოვნადიც, თუმცა, ტექნიკის მაღაზიებმა კომპანიას პრობლემები შეუქმნეს. კერძოდ, ზოგიერთი ქსელი  წინასწარ ითხოვდა გარკვეულ თანხას მათ ქსელში AG Telekom-ის მიერ წარმოებული ქართული ტელევიზორები განსათავსებლად. ღლონტის განმარტებით, პრობლემა ერთ-ერთ  მსხვილ ქსელთან სავარაუდოდ აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კომპანია პროდუქციის რეალიზებას შეძლებს. ტექნიკის მაღაზიათა რომელ ქსელში გაიყიდება ქართული ტელევიზორი, ამას ღლონტი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

AG Telekom-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსთავის ქარხანაში კომპანია 3 სახეობის (ზომების მიხედვით: 32 ინჩიანი, 40 ინჩიანი და 50 ინჩიანი) ტელევიზორს გამოუშვებს. რაც შეეხება იმას, თუ რომელ საფასო სეგმენტში გაიყიდება და როგორ გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ, საერთაშორისო ბრენდებს, ღლონტი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ტელევიზორს ნამდვილად გაუწევს კონკურენციას. „ვერ გეტყვით, რომ LG-ის ბოლო მოდელივით  იქნება, თუმცა, ახლა რაც რუსეთში Samsung-ი იწარმოება, იმაზე ნაკლები არაფრით იქნება“-აცხადებს ღლონტი.

მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული ქართული ტელევიზორი ექსპორტზეც გავიდეს. „გააჩნია შეკვეთას, 10 და 20 ტელევიზორის წარმოება არ ღირს, უნდა იყოს მინიმუმ 2 000 ცალი, ამიტომ მოლაპარაკება მიდის როგორც ადგილობრივ ქსელებთან, ისე ექსპორტის კუთხით. მათ შორის,  აზერბაიჯანთან. ვნახოთ რა იქნება,“ - აცხადებს ღლონტი.

რაც შეეხება წარმადობას, მისი ინფორმაციით, ქარხანას ერთ ცვლაში თვეში 9 000-10 000 ტელევიზორის წარმოება შეუძლია.

ღლონტის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრიდან დიდი დაინტერესებაა ვიდეო თვალის წარმოებაზეც. „ამ შემთხვევაშიც დამოკიდებულები ვართ  რაოდენობაზე. თუ მსხვილი შეკვეთა გვექნება, შესაძლოა ამის წარმოებაც დავიწყოთ,“ - აცხადებს ღლონტი.  

შეგახსენებთ, ბაზარზე ქართული ტელევიზორის წარმოება 2016 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. მაშინ 32-ინჩიანი ტელევიზორი 479 ლარად იყიდებოდა, 40-ინჩიანის ფასი კი 699 ლარს შეადგენდა.