2020 წელს ახალი და გაუმჯობესებული მომსახურება კომპანიების მხოლოდ 8%-მა დანერგა
"საქსტატის" ინოვაციური აქტივობის შესახებ კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის განმავლობაში, ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება კომპანიების მხოლოდ 8%–მა დანერგა.
განხორციელებული ინოვაციების 47.4% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 52.6%- სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული. სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირება კომპანიების 17.6%–მა აირცია. ხოლო საწარმოთა 13.7% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებას.
ამასთან, ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.
გამოკვლევის შედეგად, საწარმოთა 1.2%–მა იყიდა ან მიიღო ლიცენზია პატენტზე და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე (IPR), რომლის 62.3% შეძენილ ან მიღებულ იქნა კერძო ბიზნეს საწარმოებისგან ან ფიზიკური პირებისგან.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენას, კომპანიების 45.9% მაღალი მნიშვნელოვნება მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება, ნედლეულზე ხარჯების ან ფასების ზრდას იწვევს.