ბიზნესი
04/04/2022

2 მლრდ-მდე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის - რას სთავაზობს ბიზნესს მთავრობა

ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მთავრობა სამშენებლო სექტორს გარანტირებულ დაკვეთას სთავაზობს. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უწყებებმა უკვე წარმოადგინეს ასაშენებელი და სარეაბილიტაციო ობიექტების სია, რომელიც საკმაოდ ვრცელია. ამ პროექტის ფარგლებში, მთავრობა კომპანიებს წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარამდე შესთავაზებს. 

"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი, გარანტირებული დაკვეთის მისაღებად, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა უკვე, ყველა სამინისტრომ უკვე გამოაგზანა იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც ასაშენებელია ან სარეაბილიტაციო. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ. დაახლოებით წელს გვექნება 2 მლრდ-მდე შესათავაზებელი კომპანიებისთვის. პროექტები წარმოადგინეს ისეთმა უწყებებმა, როგორიცაა თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტრურა.

ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს სამუშაოები რომელიც უნდა განხორციელებულიყო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვადა გადმოვწიოთ და პროექტების განხორციელება დავიწყოთ წელსვე. მაგალითად 800 სკოლაა გასარემონტებელი, ევროპული სტანდარტებით. ასაშენებელია პოლიციის ქალაქი და ა.შ. საუბარია წყლის პროექტებზე. ჩვენი დაპირება იყო, რომ წყალი ყველა ქალაქში 24 საათიანი უნდა იყოს 2025 წლისთვის. ჩვენი ამოცანაა, ეს ვადები გადმოვწიოთ. ვფიქრობ,  ძალიან კარგი შეთავაზებაა ბიზნესისთვის. ერთის მხრივ მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს, ვადაზე ადრე და მეორეს მხრივ, ბიზნესიც ამით ისარგებლებს, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდაც. 

მიმდინარე კვირაში საბოლოო შეხვედრა გაიმართება. მომავალ კვირაში გვინდა ეს პროექტები გამოვაცხადოთ. ბანკებთან წინასწარი საუბარი გვქონდა და თანახმა არიან რომ აღნიშნული პროექტები დააფინანსონ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.