ტურიზმი
05/07/2021

WizzAir: შეზღუდვების შემცირების ფონზე საქართველოს ისევ ბევრი ტურისტი ეწვევა

ამ კვირიდან ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 13 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. კომპანია WizzAir-მა ქუთაისში ბაზა დააბრუნა და ახალი მიმართულებების შესასრულებლად მზადაა.

უნგრული  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  პენდემიამდელ პერიოდთან შედარებით ჯერ  სიმძლავრის მხოლოდ 60% იყენებს. რა გეგმები აქვს კომპანიას საქართველოში და როდის დაამატებს ავიაკომპანია ქუთაისში მეორე თვითმფრინავს  - "ბიზნესპარტნიორი" Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერს  ანდრაშ რადოს ესაუბრა: 

- პირველ რიგში გკითხავთ, რატომ მიიღო ვიზ ეარმა ქუთაისში ბაზის დაბრუნების გადაწყვეტილება?

- WizzAir-ი ყოველთვის ერთგული იყო ქუთაისისა და საქართველოსი და ჩვენ ნამდვილად გვინდა საქართველოში ოპერირება. 2019 წელს თავადაც რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში და სულ მინდოდა უკან დაბრუნება. გასულ წელს, პანდემიის გამო, ფრენების ორმხრივად შეჩერება მოგვიწია, თუმცა მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი ეპიდ ვითარება ქუთაისის ბაზაზე ერთი თვითმფრინავის დაბრუნებისა და ფრენების განახლების საშუალებას გვაძლევს. ამ კვირიდან,  ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ 24 ფრენას განვაახორციელებთ.

- ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა რამდენი მიმართულებითაა შესაძლებელი, რა მიმართულებებია დამატებული და როგორი იქნება ფრენების სიხშირე?

- ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 13 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. უკვე არსებულ მიმართულებებს 6 ახალი, მიმართულება დაემატება. ვიმედოვნებ, სულ უფრო მეტი ადამიანი ისევ აირჩევს WizzAir-ს და დაახლოებით 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ მგზავრების დანიშნულბის ადგილამდე გადაყვანას. ოპერირებას საწყისი სიხშირით დავიწყებთ, თუმცა შევხედავთ და თუ მოთხოვნა გაიზრდება ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით დავამატებთ უფრო მეტ ფრენას, თუნდაც მეტ მიმართულებას ჩვენს განრიგს.

- ხომ არ იგეგმება მეორე თვითმფრინავის დაბრუნებაც?

- ამ დროისთვის ჩვენ ვიწყებთ ერთი თვითმფრინავით, თუმცა გვსურს, რომ ბაზაზე მეტი თვითმფრინავი შემოვიყვანოთ, ისე როგორც ადრე. შევხედავთ, თუ როგორ გაიზრდება მოთხოვნა და როგორი შეზღუდვები იარსებებს მომდევნო პერიოდში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოხარული ვიქნებით, თუ არაფერი შეგვიშლის ხელს და ქუთაისის აეროპორტში დამატებითი თვითმფრინავის განთავსებას შევძლებთ.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია საქართველოში შესრულებული რეისების დატვირთულობა, ასევე საინტერესოა რამდენად არის უცხოელი ტურისტების მხრიდან საქართველოში მოგზაურობის ინტერესი? 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როგორ აღდგა აქტივობა?

- ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნა იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ჯავშნის ბილეთებს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ავიარეისებზე. ვიმედოვნებთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად და მას შემდეგ რაც საქართველოში მოგზაურობა უფრო გამარტივდება, ქვეყანას ისევ ბევრი ტურისტი ეწვევა. ჩვენი გადმოსახედიდან, არა მხოლოდ საქართველოდან ფრენების განხორციელებაა შესაძლებელი, არამედ ეს ქვეყანა შესანიშნავი ადგილია უცხოელის ვიზიტორებისთვისაც. ამაში თავადაც შემიძლია დაგარწმუნოთ. 2019 წელთან შედარებით, ვიზიარის ქსელში ჩვენი სიმძლავრის 60%-ს ვიყენებთ და ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაიზრდება, შესაძლოა 100%-მდეც კი. ეს ყოველივე რა თქმა უნდა რეგულაციებზეა დამოკიდებული.

- როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, რა პირობების დაკმაყოფილებას ითხოვენ ქვეყნები ტურისტების შესაშვებად?

- დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მოთხოვნები იყო შესვლასთან დაკავშირებით. 1 ივლისამდე ყველა ქვეყანა საკუთარ რეგულაციებს აწესებდა, იქნებოდა ეს PCR ტესტი, კარანტინი, უარყოფითი ანტიგენის ტესტი თუ სხვა. WizzAir-ისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამასთან მორგება, რადგან ჩვენ გვიწევდა დოკუმენტების შემოწმება თვითმფრინავში ჩასხდომამდე. ხშირად, რეგულაციები ყოველდღიურად იცვლებოდა. შესაბამისად ამ ცვალებადი მოთხოვნების დაკმაყოფილება რთული იყო. მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა წარადგინა ე.წ მწვანე საშვი, რომელიც 1 ივლისიდან იმოქმედებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის შიგნით ფრენა ბევრად გამარტივდება. იმედი გვაქვს, რომ ეს გაამარტივებს და გაზრდის მგზავრობის მიმართ ნდობას.