ტურიზმი
26/11/2020

ტურიზმის სექტორში დასაქმებულები 2021 წელს ქონების გადასახადას აღარ გადაიხდიან

ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

პრემიერმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში განახორციელებს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის ეს გახლდათ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 1 500 ლარამდე ხელფასების მქონე მათი თანამშრომლებისთვის 750 ლარზე, ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 დასაქმებულს, ეს იყო დაახლოებით 260 მლნ ლარი, ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით.

ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული, ისინი გათავისუფლდებიან სრულად ქონების გადასახადისგან. ტურიზმის სექტორში 2020 წლის განმავლობაში 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც იყო გადავადებული სრულად ჩამოეწერება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე ბიზნესის დახმარების შეთავაზებაში მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორთან ერთად დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ რესტორნების ბიზნესი არის უკიდურესად დაზარალებული, ამიტომ ის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი სასტუმროების დახმარების, რომლებიც ჩვენ გვქონდა მათი სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, იგივე პროგრამა დაწესდება და გავრცელდება რესტორნების ბიზნესზეც. ყველა სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს.

ეს მე-4 ფაზის დახმარების პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების საერთო ბიუჯეტი სახელმწიფოს დაუჯდება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დღეს. გარდა ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, ის შეზღუდვებიც რომელზეც მე ვისაუბრე, ამ შეზღუდვების დღეს ფორმალური იურიდიული თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ, ასე ვთქვათ, იურიდიული ბაზა გაგვაჩნია პირველ იანვრამდე, მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ის ნორმა, რომელიც მოქმედებს, მოქმედებს პირველ იანვრამდე, ისევე როგორც ბიუჯეტია დასამტკიცებელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ სწრაფად.

შესაბამისად, ეს იქნება 2-თვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების ტემპი და სიჩქარე, რამაც უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდის ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა გაზაფხულზე. დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.