წლის დასაწყისიდან დღემდე 100 000 ლარის ჯავშნები გამიუქმდა - სვანეთის სასტუმრო
სვანეთის სასტუმრო ბიზნესის წარომადგენლების ნაწილი ხელისუფლებას სესხების პროცენტის გარეშე გადავადებას 1 წლით სთხოვენ. მათი თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, სვანეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა და მათ სესხების გადახდის საშუალება არ აქვთ. საოჯახო სასტუმროს მეპატრონეების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბანკები მათ კერძო საკუთრების ჩამორთმევითაც ემუქრებიან.
მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო რამაზ ფალიანის დამფუძნებელი ხათუნა ენუქიძე აცხადებს, რომ შეღავათების მოთხოვნა ლოგიკურია, რადგან მსოფლიოში ფორსმაჟორული სიტუაციაა, შესაბამისად, ეს უნდა გაითვალისწინონ როგორც საფინანსო ინსტიტუტებმა, ისე მთავრობამ.
„ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ასეთი სიტუაციაა, სახელმწიფო მიდის გარკვეულ დათმობებზე. ყველაფერი გაჩერებულია, საიდან უნდა გადაიხადოს ხალხმა ამხელა კრედიტები? გასაგებია რომ ფრენები არ არის და უცხოელები ვერ ჩამოდიან, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში შიდა ტურიზმმაც ვერ იმუშავა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქართველებიც ვერ ჩამოდიან. პირადად ჩემი სასტუმრო აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ ცარიელია, არავინ არის,“ - აცხადებს ხათუნა ენუქიძე.
სასტუმრო “ლეველის“ დამფუძნებელი მალხაზ ფალიანი აცხადებს, რომ რეგიონში გაუსაძლისი მდგომარეობაა. მისი ინფორმაციით, სასტუმროს წლის დასაწყისიდან დღემდე 100 000 ლარის ჯავშნები გაუუქმდა.
„უცხოური დიდი კომპანიები თანამშრომლობდნენ ჩემთან, ამის გამო გასულ წელს სასტუმრო გავაფართოვე, ნომრები დავამატე, დღის კი ყველა ოთახი ცარიელია,“ - აცხადებს მალხაზ ფალიანი.
მისი განცხადებით, მთავრობამ შექმნილი სიტუაცია მეტნაკლებად გაითვალისწინა და სესხების სუბსიდირება მოახდინა. საუბარია საბანკო სესხის შეღავათზე, რომლის 70%-ს 6 თვის განმავლობაში მთავრობა ფარავს. „30%-იც ხომ რამეა, ჩემს შემთხვევაში თვეში 250 ევრო მაინც გადასახდელი მაქვს, რაც ძალიან დიდი წნეხია. კიდევ კარგი სხვა დამატებითი შემოსავალიც მაქვს, თორემ შიმშლისთვის ვიყავი განწირული,“ - აცხადებს ფალიანი.
როგორც სასტუმრო “ლეველის“ დამფუძნებელი მალხაზ ფალიანი ვარაუდობს, თუ ზამთრის ტურისტული სეზონიც, ზაფხულის მსგავსად ჩავარდა, სვანეთში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა, დაახლოებით 80%-ი დაიხურება.
„სესხები ახრჩობს ხალხს, თორემ შიმშილს კიდევ გაუძლებს ადამიანი,“ - აცხადებს ფალიანი.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბანკები მზად არიან განიხილონ ტურიზმის სექტორისა და მცირე სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ წამყვან ბანკირებთან ეს შესაძლაბლობა უკვე განიხილა.