ტურიზმი
25/06/2020

თიბისიმ სასტუმროების ფასის, დატვირთულობისა და შემოსავლის პროგნოზი შეამცირა

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროების დატვირთულობა მატულობს, თიბისიმ სასტუმროების ფასის, დატვირთულობისა და შემოსავლის პროგნოზი წინანდელთან შედარებით შეამცირა.

თიბისი კაპიტალი ევროკავშირს 11 ივნისის რეკომენდაციას იხმობს, რომლის მიხედვით, გარეშე ქვეყანას მხოლოდ ცალკეულ ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრების გახსნა არ შეუძლია, საზღვრები ყველა ქვეყანასთან უნდა გაიხსნას. არსებული შეფასებით, საქართველო აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნების საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე, ჩარტერული რეისების გარდა, საზღვრების გახსნა ივლისის ბოლომდე გადადებულია.

საინვესტიციო კომპანია უახლოეს მომავალში საზღვრის გახსნას არ ელის მეზობელ ქვეყნებთან, სადაც გაუარესებულია ეპიდ-მდგომარეობა.

თიბისი კაპიტალის სასტუმროების 2020 წლის ფასის (ADR, აშშ დოლარი), დატვირთულობისა და შემოსავლის (RevPAR) პროგნოზი გაუარესბეულია და 2019წ. მონაცემებთან შედარებით -30%, -85% და -90%-ს შეადგენს, შესაბამისად.

ამ ეტაპზე თიბისი უცვლელად ტოვებს 2021 წლის საპროგნოზო მონაცემებს. დატვირთულობა დაახ. 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო ფასი ამ დროისთვის 2019 წელთან შედარებით სავარაუდოდ დაახ. 0-5%-ით ნაკლები იქნება.

დაბალი ფასის პირობებში სასტუმროებში მეტი ადგილობრივი ვიზიტორის მოზიდვაა შესაძლებელი. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთის სასტუმროებში ჯამურად 2.3 მლნ ღამე გაატარეს. ასევე საქსტატის შეფასებით, საქართველოში ადგილობრივმა ვიზიტორებმა დაახ. 24.5 მლნ ღამე საკუთარ/მეგობრის/ნათესავის სახლში გაატარეს.

სასტუმროების გამოკითხვის მიხედვით, სასტუმროების დატვირთულობა ივნისში ბათუმში და რეგიონებში მატულობს და ივნისის II ნახევრის ჯავშნების მიხედვით 9% და 31%-ს აღწევს.

12-13 და 19-20 ივნისის პარასკევი-შაბათი ღამეების დატვირთულობა გარკვეულ სასტუმროებში რეგიონებში 60-80%, ხოლო ბათუმში 30-45% ფარგლებში მერყეობდა

კვლევაში ნატქვამია, რომ მომდევნო თვეების ღამეების ძირითადი ნაწილი ბათუმსა და რეგიონებში COVID-19-მდეა დაჯავშნილი. ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, ამ ჯავშნების დიდი ნაწილის გაუქმება, ხოლო მცირე ნაწილის ახალი, ადგილობრივი ჯავშნებით ჩანაცვლებაა მოსალოდნელი. მსგავსი ვითარებაა თბილისში, სადაც დარჩენილი წლის მანძილზე
ჯავშნების 95% უცხოელებზე მოდის; ივნისში ფასები (ADR) გამოკითხულ სასტუმროებში თბილისში წლიურად 30%-ით, ბათუმში დაახ. 40%-ით, რეგიონებში დაახ. 50%-ით არის შემცირებული.

Businesspartner