ტურიზმი
07/12/2021

TAV Georgia: ვფიქრობთ, 2022 წელს თბილისის აეროპორტი 2 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება

საავიაციო სექტორის აღდგენის პროცესი დაწყებულია.

როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღდგენა დაწყებულია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლებთან დასაბრუნებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - საუბარია ვაქცინირების ტემპების დაჩქარებასა და კოვიდპანდემიის დასრულებაზე.

თეა ზაქარაძის თქმით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის 40%, 2021 წლის ნოემბრის 2019 წლის ნოემბერთან შედარებით მგზავრების 76% დაიბრუნა. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ 11 თვის ჭრილში დაბრუნებული მგზავრთნაკადი 82%-ს შეადგენს. 

TAV-ში ელიან, რომ 2022 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 მლნ-ზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს და თითქმის უკვე გავუთანაბრდით 2019 წლის ციფრებს. თბილისში 2019 წლის მგზავრთა რაოდენობის მხოლოდ 40%-ის დაბრუნება შევძელით. ვფიქრობთ, წელს ჩავხურავთ 1 650 000 მგზავრით, რაც 2014-2015 წლის მონაცემებს უტოლდება, ანუ ჯერ ბევრი გვჭირდება 2019 წლის მაჩვენებელთან დასაბრუნებლად.

მოლოდინები რა თქმა უნდა პოზიტიურია, ვფიქრობთ, რომ უკვე 2022 წლისთვის კოვიდი უკან დაიხევს. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაცია სწრაფი ტემპებით და ვფიქრობ, რომ 2022 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება,“ - განაცხადა თეა ზაქარაძემ.