საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ დახურული 2021 წლის 1-ელ იანვრამდე რჩება
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ არსებულ აქტიურ NOTAM-ში მორიგი კორექტირება შეიტანა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ დახურული 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარჩება.
უფრო კონკრეტულად კი, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (31.12.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ს კოდი LIME);
შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).
აღსანიშნავია, რომ NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ყოველდღიურად ძალაში შედის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ან დამატებითი სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.
ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესული განაცხადის შესაბამისად, ავიაგადამზიდველი დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება.
ამავე შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე 28 ნოემბრამდე დანიშნული რიგა-თბილისი-რიგის რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, ასევე 3 დეკემბრის ფრენა ამავე საჰაერო ხაზზე, თუმცა ავიაკომპანია ასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით. ცვლილებებია ავიაკომპანია “Georgian Airways”-ის ფრენის განრიგში. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები. ავიაკომპანიამ ასევე გააუქმა 13, 20 და 27 ნოემბრის თბილისი-პარიზი-თბილისის, 22 ნოემბრის თბილისი-ვენა-თბილისის, ასევე 18 და 25 ნოემბრის თბილისი-ბერლინი-თბილისის ფრენები.
გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები.
ამიტომაც მგზავრებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მგზავრობის დაგეგმვისას ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.