ტურიზმი
05/07/2023

რაჭის ახლადშექმნილი ეროვნული პარკის განვითარება იწყება

რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის ფონდი Global Conservation 200 000 დოლარის ოდენობით გრანტს გამოყოფს.

აღნიშნული თანხა მომდევნო 3 წელზე გადანაწილდება.

საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას, პარკის დაცვის სისტემის დანერგვას და რეინჯერთა აღჭურვას საჭირო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს პატრულირების ეფექტიან განხორციელებას, ბრაკონიერობისა და ჭრის ფაქტების ოპერტიულ გამოვლენას.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება.

სააგენტოს ცნობით, რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, სხვა ახალ დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მომდევნო წლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაგეგმილია 16.25 მლნ ევროს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და Wyss Foundation მიერ კი, დაახლოებით, 2 500 000 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ახალი დაცული ტერიტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2023 წელს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ - ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააარსა.

აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში დაიწყო, ჩატარდა დეტალური კვლევები ბიომრავალფეროვნების (ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემები) და სოციალურ-კულტურული ასპექტების მიმართულებით.

„აქ გავრცელებულ ფოთლოვან, წიწვოვან და შერეული ტყეებში, მრავლად ვხვდებით საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეთა თუ ცხოველთა უნიკალურ სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი წაბლი, კოლხური ბზა, მაღალმთის მუხა, ნაკადულის კალმახი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური ციყვი, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი, ორბი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვა, რომელთაგან ზოგიერთი სახეობა კავკასიის ენდემია და განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.

რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, „ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში.

დაცული ტერიტორიები უზრუნველყონ საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.

კვლევებით დასაბუთებულია რაჭის რეგიონის პოტენციური შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები, კერძოდ, დაცული ტერიტორიების დაარსება რეგიონში ხელს შეუწყობს პირველ რიგში, რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობების დაცვა- შენარჩუნებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი სუფთა წყალი, ჰაერი, საკვები, ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემური სერვისები, რაც ნამდვილად ფასდაუდებელი და შეუფასებელია ადამიანის და ზოგადად ცოცხალი ორგანიზმისთვის; დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსის გონივრულ გამოყენებასა და ტყეების მდგრად მართვას, რაც პერსპექტივაში გრძელვადიანად უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მათ ჰქონდეს ბუნების ნობათზე წვდომა და მდგრადი სარგებლობის უფლება,“ - აცხადებენ სააგენტოში.

Businesspartner