ტურიზმი
20/05/2021

რა ფაქტორებმა გაამყარა ლარი - დავით გონდაურის შეფასება

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი დავით გონდაური „ბიზნესპარტნიორთან“ ვარაუდობს, რომ ტურისტების პანდემიამდელი რაოდენობა საქართველოში 2023 წლისთვის აღდგება.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაჩვნებლის 21-40% იქნება.

„თუ ტურიზმი არ აღდგება, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1-1,5%-ის ფარგლებში იქნება. თუ დავუშვებთ, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება და წლის მეორე ნახევარში ტურიზმი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივი გაჯანსაღება მოხდება და ზრდა დაახლოებით 3-3,5%-ის ფარგლებში იქნება,” - აცხადებს გონდაური.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი ლარის კურსის ბოლო პერიოდში დასტაბილურებასაც ხსნის და იმ ფაქტორების ნაწილს ასახელებს, რამაც ლარის მეტ-ნაკლებად გამყარება გამოიწვია.

„2021 წლის აპრილში, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან გაუმჯობესებულია სავაჭრო ბრუნვა, მაგალითად, 2021 წლის აპრილში მარტთან შედარებით 16%-ით გაიზარდა ექსპორტი და იმპორტი ამავე პერიოდში 3%-ით შემცირდა.

2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 3,02%-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის გამკაცრებულმა პოლიტიკამ და გაძვირებულმა ფულმაც შედეგი გამოიღო - რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-დან, 9,5%-მდე გაიზარდა.

2021 წლის დასაწყისიდან რეფინანსი­რების სესხების მოცულობამ მკვეთ­­რად იკლო და თებერვლიდან დღემდე 1,1-1,4 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობს (როცა წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,7 - 3,3 მლრდ იყო). მისი შემცირება განპირო­ბებულია მთავრობის მხრიდან კომერ­­ციული ბანკებისადმი საკრედიტო რე­სურსების მზარდი მიწოდებით, რითაც მოხდა ეროვნული ბანკის რესურსების „ჩანაცვლება“ მთავრობის რესურსე­ბით, რაც ფისკალური არხებით „იაფი ფულის“ პოლიტიკის წარმოებას უწყობს ხელს,” - აცახდებს გონდაური.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსი შედარებით დასტაბილურებულია.  

19 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3770 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.29 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.1213 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.98 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4017 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7832 ლარი ეღირება.