პოსტ-კოვიდური რეაბილიტაცია - კურორტი ნუნისი პაციენტებს მარტიდან მიიღებს
კურორტ ნუნისში საქართველოში პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პირველი პროგრამა ამოქმედდება. პროგრამას, რომელიც შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას დაეყრდნობა, პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს.
პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე გამაჯანსაღებელ კურსს ითვალისწინებს და დაახლოებით 7 ან 14 დღიანი ხანგრძლივობის იქნება. პირველ პაციენტებს კურორტი ნუნისი პირველი მარტიდან მიიღებს. ამ ხნის პერიოდის განმავლობაში კი პაციენტები საცხოვრებლითა და სამჯერადი ჯანსაღი კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კურორტ ნუნისის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა, ნინო პავლიაშვილმა განუცხადა, ერთ კვირიანი კურსის ღირებულება ერთი ადამიანისთვის, განთავსების, სამედიცინო ნაწილისა და კვების ჩათვლით 700-დან 800 ლარამდე დაჯდება. კურორტი კი ერთობლივად 20-30 პაციენტის მიღებას შეძლებს.
„ამ პრორამაში, გარდა სამედიცინო ნაწილისა, რომელსც ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს, საკვანძო მომენტი სუფთა ჰაერი გახლავთ. ჩვენს კურორტამდე სამანქანო მისასვლელი გზა არ არსებობს, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლა მსურველებს საბაგიროთი შეუძლიათ, რაც კურორტის ტერიტორიაზე გამონაბოლქვისა და დაბინძურებული ჰაერის მოხვედრას უშლის ხელს. ამასთან, ჩვენ ხელს გვიწყობს კლიმატური პირობებიც, რადგან კურორტი მთლიანად შერეული ტყითაა გარშემორტყმული,“ - აღნიშნა ნინო პავლიაშვილმა.
პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამის გავლის მსურველები თავდაპირველად პროფესორ ლერი ლაფანაშვილს დაუკავშირდებიან და კლინიკა „მარჯში“ გაივლიან დიაგნოსტიკას, რის შემდეგაც მათი კურორტ ნუნისში გადმომისამართება მოხდება.
პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა სისხლის მიმოქცევის ოპტიმიზაციას, გულის განტვირთვას, ორგანიზმის ჟანგბადით შევსებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, კუნთოვანი ტონუსის აღდგენასა და ვეგეტატიური სისტემის დაბალანსებას მოიცავს.