იგორ აფციაური: შიდა საავიაციო ბაზარი ფაქტობრივად არ გვაქვს
ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC)-ის ანგარიშის მიხედვით, საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიებს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 27% უკავია.
Aero Georgia Group-ის დამფუძნებლის, იგორ აფციაურის განცხადებით, ეს რიცხვი საკმაოდ დიდია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ია.
„სამწუხაროდ, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ყველაზე მეტად გლობალურმა პანდემიამ ჩვენ დაგვარტყა. ჩვენთან ავიაცია და ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 27%-ს შეადგენს. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან ბევრია. მსოფლიოში ამ მიმართულებაზე დამოკიდებუულება, საშუალოდ 10%-ია. ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიებში დაახლოებით 1 500 000 ადამიანია დასაქმებული. აქაც საქართველო პირველ ადგილზეა იმ თვალსაზრისით, რომ ამ სექტორებში სფეროში დაახლოებით 450 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით“,- აღნიშნა აფციაურმა.
მისივე თქმით, არსებულ რთულ ვითარებას ისიც ემატება, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი განვითარებული არ არის.
ჩვენს ფინანსურ ზარალსა და არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ არ გვაქვს განვითარებული შიდა ბაზარი. როგორც მაგალითად, ჩინეთს, პაკისტანს, ყაზახეთს, უზბეკეთს. ჩვენთან ხორციელდება შიდა ფრენები, თუმცა საერთაშორისო სტანდარტი ასეა, თუ წელიწადში დაახლოებით 100 000 მგზავრი მაინც არ გყავს შიდა გადაყვანებით, ითვლება, რომ ფაქტობრივად არ გაქვს შიდა ბაზარი. შედარებით უკეთესი სიტუაცია აქვთ სხვა ქვეყნებს, სადაც შიდა ბაზარი ასე თუ ისე მოქმედებს“,- განმარტა იგორ აფციაურმა.