Go Tour: ქართული კოვიდბარათის აღიარება ნაბიჯია მოგზაურობის დასტაბილურებისკენ
ქართული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სერტიფიკატის აღიარებას დადებითად აფასებენ ტურისტულ კომპანია Go Tour-ში.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინო წიკლაური ბიზნესპარტნიორთან განმარტავს, გადაწყვეტილება ქართველ მოგზაურებს დროისა და ფულის დაზოგვის საშუალებას მისცემს, თუმცა, კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ეს საკმარისი არაა და საჭიროა ქვეყანაში კოვიდსიტუაციის გაუმჯობესება, რათა ქართველმა ვიზიტორებმა მეტ ქვეყანაში შეძლონ მოგზაურობა.
„აქამდე ჩვენს კოვიდ პასპორტებს ევროპის ქვეყნებში QR კოდის კითხვის პრობლემა ქონდათ. ამისთვის მოგზაურებს სჭირდებოდათ დამატებითი დროის და თანხების გაწევა, რომ აპოსტილით ყოფილიყო დამოწმებული. ახლა, საერთაშორისო აღიარება მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის და გაიზრდება მოგზაურების რაოდენობაც. ქართული კოვიდბარათის აღიარება ერთ-ერთი ნაბიჯია მოგზაურობის დასტაბილურებისკენ, თუმცა მთავარი მხოლოდ ქართული კოვიდსერთიფიკატის აღიარება არ არის, მთავარია ქვეყანაში ისეთი კოვიდ სტუაცია გვქონდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მიგვიღოს.“ - განაცხადა ნინო წიკლაურმა.