ტურიზმი
07/10/2021

გიორგი ჯახუტაშვილი: ყაზახეთი ჩვენი ტურიზმისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზრად უნდა იქცეს

საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყანაში 103 000-ზე მეტი ყაზახი ვიზიტორი შემოვიდა. კერძო სექტორში მიიჩნევენ, რომ მაღალმხარჯველუნარიანობისა და დიდი პოტენციალის გამო ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა საქართველოსთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზრად უნდა იქცეს.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ყაზახი ტურისტების ნაკადის დინამიკამ ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. უნდა შემუშავდეს ისეთი სამოქმედო გეგმა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სისტემურად ავითვისოთ ამ ქვეყნის პოტენციალი. ყაზახეთიდან ყოველ წლიურად გადის 10 მილიონი ტურისტი, ხოლო 2019 წელს საქართველოში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. შესაბამისად, ყაზახურ ტურიზმს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უნდა ვიმსჯელოთ ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც უახლოეს 3-4 წელიწადში ამ ნაკადს გაახუთმაგებს.

საქართელო ყაზახეთისთვის ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც ბალნეოლოგიური მიმართულება. თუმცა, დღეს ასეთი ინფრასტრუქტურა არასაკმარისია. თუ დავისახავთ მიზნად, რომ ყაზახი ვიზიტორების რაოდენობით უნდა ავიდეთ ნახევარ მილიონამდე, აუცილებლად განსავითარებელია მსგავსი მიმართულებაც. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ რეგიონში პოზიციონირდეს გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით. ყაზახეთი თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. მისი სამ საათიანი გადაფრენის რადიუსში საქართველო ხვდება კორეასთან და სხვა ბაზრებთან ერთად. საქართველოში ყაზახები უფრო შინაურულად გრძნობენ თავს, რადგან არ აქვთ ენობრივი ბარიერი და სხვა“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა.

მისივე განმარტებით, ყაზახი ტურისტები საქართველოში საშუალოდ 7 დღეს ატარებენ.

„ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ყაზახები შედიან მაღალმხარჯველუნარიანების რიგში. უტოლდებიან ტურისტებს, როგორიც არიან გერმანელები, პოლონელები და ებრაელები. საქართველოში ისინი საშუალოდ 7 დღის განამვლობაში რჩებიან. რჩებიან სასტურმოებში და რა თქმა უნდა, მოფრინავენ თვითმფრინავით, რადგან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს. სწორედ ეს მაჩვენებლები გვაძლევს მოტივაციას, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ მიმართულებას. ისე უნდა განვახორციელოთ მიზნობრივი პროგრამები, რომ ერთი მხრივ ნაკადი გავზარდოთ და მეორე მხრივ, ლოიალობა შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა ჯახუტაშვილმა.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ კვლევის შედეგებით, 2011-დან 2019 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობამ, წელიწადში, საშუალოდ 25,9%-ით არის გაზრდილი. 2020 წლის ჩათვლით საქართველოში ყაზახეთიდან ტურისტებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით, Air Astana-თი შეეძლოთ ჩამოსვლა, 2021 წელს კი დაემატა დაბალბიუჯეტური Fly Arystan, რომლითაც ყაზახ ტურისტებს საქართველოში ფრენა შედარებით დაბალ ფასად უკვე 4 ქალაქიდან შეუძლიათ.