ტურიზმი
16/03/2021

"ევროპულმა სტრუქტურამ ჩვენი ბალნეოლოგიური მიმართულებები უნდა აღიაროს - კვლევა €40 მლნ დაჯდება"

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს ბალნეოლოგიური მიმართულებები ევროპულმა გავლენიანმა ორგანიზაციებმა აღიარონ.

შალვა ალავერდაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანამ ამაში ფული უნდა გადაიხადოს. კერძოდ, როგორც „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ფედერაციის თავმჯდომარემ განმარტა, საქართველომ ბალნეოლოგიური კურორტების კვლევა გავლენიან ევროპულ ორგანიზაციას უნდა შეუკვეთოს და შემდეგ სერთიფიკატი მოიპოვოს.

„დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია ევროპულმა სტრუქტურამ ჩვენი ქვეყნის ბალნეოლოგიური მიმართულებები აღიაროს. ჩვენ ბოლო რეალური კვლევა, მაგალითად, წყალტუბოში 1961 წელს გვაქვს ჩატარებული. დანარჩენი მიდის მხოლოდ წყლის კვლევა და ა.შ. რეალური კვლევა, რომლიდანაც ყველაფერი უნდა აეწყოს, მაგალითად, ავადმყოფზე 2 წლიანი კვლევა, არ ჩატარებულა. ევროპის ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ ასეთი კვლევა. ჩვენ ამაში ფული უნდა გადავიხადოთ. ამ ხალხს ენდობა ევროპელი ტურისტი. პოსტსაბჭოთა სივრცის გაკეთებულ კვლევებსა და შედეგებს ევროპელი ტურისტი არ ენდობა“,- განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს მომსახურება ქვეყანას 40 მილიონამდე ევრომდე დაუჯდება, თუმცა კვლევები, მათ შორის, ინვესტორების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

"საფრანგეთში არის ერთ-ერთი სახელოვანი ინსტიტუტი. ეს მომსახურება სავარაუდოდ, 30-40 მილიონ ევრომდე ჯდება. ოღონდ, არ უნდა გამოიკვლიონ კონკრეტულად, მაგალითად, მხოლოდ წყალი. კომპლექსური კვლევაა საჭირო, რა და რამდენ ხანში ემართება ავადმყოფს კურორტზე ყოფნის განმავლობაში და როცა ამას უკვე ევროპული სერთიფიკატი ადასტურებს მაშინ გენდობა, პირველ რიგში, ევროპელი ინვესტორი და ევროპელი კლიენტი. ახლა ევროპელ ინვესტორს რომ დაუძახო და უთხრა, მოდი აქ რაღაც გააკეთეო, თუნდაც წყალტუბოში, არ გენდობა“,- აღნიშნა გაერთიანების ხელმძღვანელმა.