ტურიზმი
23/06/2023

ბოლნისში,ქართულ-გერმანული ღვინის სახლი სტუმრების სისტემატურ მიღებას ივლისიდან შეძლებს

ბოლნისში, ქართულ-გერმანული ღვინის სახლი ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა,  სტუმრების სისტემატურ მიღებას  ივლისის დასაწყისიდან შეძლებს.

როგორც პროექტის განმახორციელებელ კომპანია RMG-ში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, RMG-ის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც კომპანიამ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

ღვინის სახლი წარმოადგენს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინოების სადეგუსტაციო-სარეალიზაციო სივრცეს. სახლი აერთიანებს სხვადასხვა ფუნქციით დატვირთულ სივრცეებს: სახლის სარდაფში ძველი გერმანული მარანია, რომელიც იქნება ექსკლუზიურად ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე.

ადგილზე სტუმრებს ღვინოსთან ერთად, სხვადასხვა სახის ღვინის აქსესუარების შეძენაც შეეძლებათ. მათ შორის ბოლნისური მეღვინეობის სიმბოლო - 2600 წლის წინ დამზადებული იხვის ფორმის დეკანტერის - ქოჩორა ყურყუმელას, კლასიკური, თანამედროვე და ვინტაჟური ვერსიების.

„სახლის პირველ სართულზე დაგხვდებათ ვერანდა, სატრენინგო[1]საკონფერენციო ოთახი და ბიბლიოთეკა. სარდაფსა და პირველ სართულზე შეხვდებით ფოტო გამოფენას, რომელიც კატარანინენფელდის (ახლანდელი ბოლნისი) ისტორიაზე მოგიყვებათ. ფახვერკის ტიპის სხვენი კი წარმოადგენს საგამოფენო სივრცეს ღვინის ბართან ერთად,“-აცხაებენ RMG-ში.

კითხვაზე, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ხომ არ იგეგმება გერმანული ღვინოების გამოფენა/გაყიდვაც, RMG-ში აცხადებენ, რომ ბოლნისს საქართველოში გერმანული წარმომადგენლობისგან დიდი მხარდაჭერა აქვს, ქართულ-გერმანული ღვინის სახლის გახსნას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩოც.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სივრცე შეიძლება საინტერესო გახდეს გერმანელი ღვინის მწარმოებლებისთვისაც, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერ არ გვქონია,“-აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველად მიზანს უკვე არსებული სივრცის ათვისება და ამ სივრცის მაქსიმალურად საინტერესოდ დატვირთვა წარმოადგენს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების მოზიდვის კუთხითა და ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციის მიზნით.

„ვფიქრობთ, ასეთი ღვინის სივრცის გახსნა, გაზრდის ტურისტულ ინტერესს ბოლნისის, როგორც ერთ-ერთი ძველი და ისტორიული მხარის მიმართ,“-აცხადებენ RMG-ში.

ცნობისთვის, XIX საუკუნის დასაწყისში ბოლნისში, მაშინდელ კატარინენფელდში, გერმანელები ჩამოასახლეს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება, ამჟამინდელი ძველი გერმანული უბნის ისტორიაც. დღემდე, ამ უბნის ყველა კუთხეში ვხვდებით ქართულ-გერმანული კულტურის სინთეზს, განსაკუთრებით კი უნდა აღინიშნოს საცხოვრებელი სახლები, რომელთა ინტერიერი და ექსტერიერი ამ სინთეზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

ამ სახლებიდან ერთ-ერთია, წისქვილის ქუჩა #8-ში მდებარე შენობა, (აშენებული 1915 წელს) რომელიც გერმანიიდან გადმოსახლებულ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს, იმანუელ ვალკერს ეკუთვნოდა. 100 წლის სახლი, ქართულ-გერმანული ღვინის სახლის დასაფუძნებლად კომპანიას შემთხვევით არ შეურჩევია, სწორედ იმანუელ ვალკერის მოღვაწეობა უკავშირდება კატარინენფელდში მეღვინეობის კულტურის განვითარებასა და გავრცელებას. ის ბოლნისში პირველი მეღვინეთა გაერთიანების, „უნიონის“ თანადამფუძნებელი გახლდათ. დღეს კი, მისი სახლი ბოლნისელ მეღვინეთა საერთო სივრცედ იქცა.