ბიზნესს ზამთრის კურორტებზე კადრების მოძიება უჭირს
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო კომპლექს „კრისტალისთვის“ და გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოსთვის“ დეკემბრის დასაწყისში გამართული დასაქმების ფორუმი უშედეგო აღმოჩნდა. ფორუმი სპეციალურად ზამთრის კორორტებისთვის ჩატარდა.
ფორუმში იმ კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც ბიზნესი უშუალოდ ზამთრის საკურორტო ზონაში აქვთ. თუმცა დასაქმების მსურველების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო.
როგორც ფორუმის მონაწილე ორ სასტუმროში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მათ ამ ფორმატის საშუალებით ვერცერთი კადრის მოძიება ვერ შეძლეს. მიზეზად დასაქმების კუთხით ზოგადად ქვეყანაში არსებული ვითარება დაასახელეს.
„კრისტალის“ გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ფორუმზე მათთან დასაქმების მსურველი სულ რამდენიმე ადამიანი მივიდა, თუმცა მათგან კომპანიამ ვერ შეძლო ვერცერთი ისეთი კადრის შერჩევა, რომელსაც სათანადო მოტივაცია ექნებოდა - თუნდაც ისეთის, რომელსაც კომპეტენცია არ ექნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, თავად კომპანია დაინტერესდებოდა მისი გადამზადებით.
„მოვიდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც არ ჰქონდათ სათანადო ენთუზიაზმი. ამიტომ ვერცერთი კადრის მოძიება ვერ შევძელით. პრობლემაა ის, რომ კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების დიდი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან, აქ მყოფთაგან კი ისეთი კადრის მოძიებაც კი რთული აღმოჩნდა, რომელსაც, თუნდაც კომპეტენცია არ ექნებოდა, თუმცა ჩვენი გადამზადების შედეგად დავასაქმებდით.
პრობლემაა ისიც, რომ ახალგაზრდები თავიდანვე მაღალანაზღაურებად სამსახურსა და მაღალ პოზიციას ეძებენ. თავად მე საქმიანობა 200-300 ლარად დავიწყე და გარკვეულ წარმატებას ეტაპობრივად მივაღწიე, ახლა კი არის ისეთი ტენდენცია, რომ კარიერის დასაწყისშივე ადამიანები მაღალ ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა შესაბამისი კომპეტენცია არ აქვთ.
თუ წინა წლებში ასეულობით „სივიდან“ ვარჩევდით კადრებს, წელს საკმარისი რაოდენობის სივიც არ მოდის და არჩევანის საშუალებაც არ გვაქვს“ - აღნიშნა გიორგი მაისურაძემ, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობდა კვებით და ტრანსპორტირებით, ასევე განთავსებით უზრუნველყოფას.
მისი თქმით, ზამთრის კურორტზე ძირითადად დიდი ქალაქებიდან ჩასული ადამიანები არიან დასაქმებულები, ადგილობრივების წილი კი მხოლოდ 5%-მდეა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ისინი თავად არიან ჩართული მცირე ბიზნესში.
დასაქმების ფორუმის საშუალებით ვერცერთი კადრი ვერ აიყვანა გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსომაც“. მისი მფლობელის თეონა ქუთათელაძის თქმით, ფორუმზე გაიტანეს ადმინისტრატორის, მზარეულის და დიასახლისის ვაკანსიები. ამ შემთხვევაშიც მუშაობის მსურველებს უფასო განთავსებას და კვებას სთავაზობდნენ, თუმცა, როგორც ქუთათელაძე დღეს აცხადებს, საკმაოდ მაღალი ანაზღაურების მიუხედავადაც კი, მათ კადრის მოძიება ვერ შეძლეს.
სასტუმროს მფლობელის განცხადებით, მან უკვე დააკომპლექტა სასტუმრო, ხოლო თუ კადრების მოძიება კვლავაც დასჭირდება, მზადაა დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა ისევ მიიღოს.
ზამთრის კურორტებისთვის გათვალისწინებული დასაქმების ორი ფორუმი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, თბილისსა და გორში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა.