ტურიზმი
05/08/2020

აჭარაში სამასპინძლო ბიზნესმა ფასები შეამცირა

2020 წელი ტურიზმის სექტორისთვის რთული პერიოდია. ქვეყანას საერთაშორისო ვიზიტორები არ ჰყავს და მთავარი პრიორიტეტი შიდა ტურიზმის განვითარებაა. აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია კამპანიებისა და სხვადასხვა პროექტის საშუალებით, ცდილობს, რეგიონში მეტი ვიზიტორი მიიზიდოს და შიდა ტურიზმი წაახალისოს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, სასტუმროებისა და კვების სექტორი ცდილობს გადააწყოს თავისი ბიზნესი ისე, რომ შიდა ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს დასვენება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ცნობით, ბევრმა ობიექტმა ფასები საგრძნობლად შეამცირა და შესაბამისად, ამას კარგი გამოხმაურება მოჰყვა, შიდა ტურისტების რიცხვმა იმატა, თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერ ჩაანაცვლებს საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავალს. 

„აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ ონლაინ სივრცეში. მაგალითად, ფერების კამპანია, ვიდეოს საშუალებით დაახლოებით 15-მდე ცნობილი ადამიანის განწყობა და ემოცია იყო  ჩაწერილი, რომელიც ჩვენს შიდა ვიზიტორებს მოუწოდებდნენ შავიზღვისპირა რეგიონის კონკრეტულ ადგილებში ემოგზაურათ. ამის გარდა, ახლა ვმასპინძლობთ 7 ძალიან ცნობილ ქართველ ბლოგერს, რომელთა საერთო გამომწერების რაოდენობა არის დაახლოებით ნახევარი მილიონი, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი ციფრია. ერთი კვირის განმავლობაში ამ ადამიანებმა იმოგზაურეს 5 მუნიციპალიტეტში, ყოველ დღე დებდნენ სხვადასხვა სახის პოსტებს, იღებდნენ ფოტოებს და აქვეყნებდნენ ონლაინ  პლატფორმებზე,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის დეპარტამენტთან ერთად აქტიურად ატარებს ტრენინგებს, რომელიც დაკავშირებულია ვირუსთან, რომ უფრო მეტად მომზადებულები, მეტი ცოდნითა და გამოცდილებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს კვების, განთავსებისა თუ სხვა სექტორის წარმომადგენლები. ასევე, ტარდება ტრენინგები გიდებისთვის. გიდების დახმარებით გამოიცემა ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც ბათუმის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მარშრუტები იქნება აღბეჭდილი თავისი ღირსშესანიშნავი ადგილებით, ინფორმაციით, რომელიც იქნება ლოკაციების მიხედვით დასურათებული. შეიქმნება შინაარსობრივი და ტექსტუალური მასალა, რომელიც გიდებს დაემარება, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ მარშრუტების შესახებ და მათ პროფესიაში კიდევ უფრო კომპეტენტურები იყვნენ.  

„კულინარიის მხრივ ვგეგმავთ გააქტიურებას,  შემუშავებულია პროექტი, რომ მოვიწვიოთ ფოტოგრაფები და შეფ მზარეულები, რომელებიც  სხვადახვა ლოკაციაზე საინტერესოდ წარმოაჩენენ აჭარული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს. ეს იქნება კიდევ ერთი მოწოდება შიდა ტურისტებისთვის, რომ  იმოგზაურონ აჭარაში და დააგემოვნონ უგემრიელესი აჭარული კერძები“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციასთან ერთად, საკარანტინე სივრცეების, 30–ზე მეტი სასტუმროს, მენეჯმენტშია ჩართული.

„ეს არის გამოწვევაც და ჩვენი პრიორიტეტიც, რომ პროცესი ვმართოთ სწორად და ეფექტურად.  საერთაშორისო მასშტაბით გამოხმაურება არის უნიკალური, რადგან საქართველომ მთელ მსოფილოს დაანახა რომ პროცესების მართვა, COVID19 ინფექციის გავრცელების შემცირება ქაართულ სახელმწიფოს  შეუძლია და ეს მიმართულება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენთვის,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

 

Businesspartner