აბუ-დაბი, დუბაი, მალდივები - ტურისტული მიმართულებები, რომლებიც მკვეთრად გაიაფდა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან 2022 წლის აგვისტოდან უვიზო რეჟიმის მოხსნამ ამ ტურისტულ მიმართულებებზე ფასები შეამცირა. ქუთაისის აეროპორტიდან აღნიშნულ მარშუტზე პირდაპირი ფრენები დაიწყო. ამის კიდევ ერთი შედეგი გახდა ის, რომ მალდივების ტურები ქართველი მომხმარებლებისთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა.
ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ტურისტული კომპანია „ბოდიალა თრეველის“ დირექტორმა მარიამ ახვლედიანმა, მიმდინარე სეზონის ტურისტულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაცით, სავიზო რეჟიმები დასახელებულ მიმართულებებზე 2022 წლის აგვისტოდან მოიხსნა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ფასები საგრძნობლად შემცირდა.
რაც შეეხება იმას, მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, არის თუ არა ეს მიმართულება მოთხოვნადი ზაფხულში, მარიამ ახვლედიანი ამბობს, რომ რადგან ამ ეტაპზე აბუ-დაბისა და დუბაიში ძალიან ცხელა, მაღალი კლასის სასტუმროები ტურისტების მისაზიდად ძალიან მიმზიდველ ფასდაკლებებს აცხადებენ, რომლებიც ხშირად 60%-ს აღწევს.
პაკეტის ფარგლებში, ტურისტებს შეუძლიათ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსდნენ, ისარგებლონ აუზით, სამჯერადი კვებით, პლაჟით და ფაქტობრივად, სასტუმრო კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურებებები, რომლებიც სხვა სეზონებზე მაღალი ფასის გამო მათთვის ხელმიუწვდომელია. სურვილის შემთხვევაში კი დამსვენებლებს სხვადასხვა შემეცნებითი ტურით სარგებლობა, მოლებში შოპინგი და სხვა აქტივობით სარგებლობაც შეუძლიათ.
„მაგალითისთვის მოვიყვან ერთერთ ბოლო შეთავაზებას: აბუ-დაბიში 5-ვასრკვლავიანი სასტუმროში 5-დღიანი დასვენება სამჯერადი კვებით და აუზით 1100 ლარი ღირდა. ასე რომ, უმაღლესი სერვისით სარგებლობა უკვე ბიუჯეტურ დამვენებელსაც შეუძლია,“ - განაცხადა მარიამ ახვლედიანმა.
რაც შეეხება მალდივის კუნძულებს, სადაც მანამდე მხოლოდ ბილეთის ღირებულება 3 ათასი ლარი იყო, აბუ-დაბისა და დუბაის მიმართულებით დაბალფასიანი ფრენების ამოქმედების შემდეგ, ამ ეგზოტიკურ კუნძულებზე დასვენების მთლიანი პაკეტის ღირებულება 2000-2500 ლარი გახდა და ბევრი დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რასაც მოთხოვნის ზრდაც ადასტურებს.
უცხოეთის სხვა, პოპულარულ მიმართულებებს შორის ახვლედიანი ასახელებს საბერძნეთს, თურქეთს, რომელიც განსაკუთრებით საოჯახო დასვენების მსურველთათვის აქტუალობას ინარჩუნებს, ეგვიპტეს, იტალიას, ესპანეთის კოსტა-ბრავასა და სხვას.