35-მდე ბალნეო კურორტის კვლევა მიმდინარეობს - შედეგები რამდენიმე თვეში დაიდება
სამედიცინო ტურიზმი, შესაძლოა, საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდეს. ამ მიზნით, ქვეყანაში კურორტებისა და საკურორტო ადგილების კვლევა უკვე აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება.
შედეგად, გამოიკვეთება ის საჭიროებები, რომლებიც კონკრეტული კურორტის განვითარებისთვის აუცილებელია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, საქართველოს სამედიცინო ტურიზმს აქვს პერსპექტივა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში თავისი სოლიდური წვლილი შეიტანოს და ყაზახეთის, პოსტსაბჭოთა სივრცის, აღმოსავლეთ ევროპის, გალფის და სხვა ქვეყნების მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტები ჩამოიყვანოს.
„სწორედ ამ მიზნით, უკვე დაწყებულია კვლევები, თუ რა მდგომარეობაა ამ თუ იმ საკურორტო ადგილზე, მათ შორის ბალნეო კურორტებზე. ამჟამად, კვლევა 35-მდე ბალნეო კურორტზე მიმდინარეობს. მიდის მარკეტინგული კვლევებიც, თუ როგორი პოზიციონირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და მის ბალნეო კურორტებს მთელ მსოფლიოში.
მიმდინარეობს ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები, რომლებიც დაადგენს, სად რა ინვესტიციის განხორციელება გახდება საჭირო. უახლოეს მომავალში, თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში, ჩვენ გვექნება გარკვეული ინფორმაცია, მაისის ბოლოს კი მთლიანი, საერთო სურათი - რა ხდება ჩვენს ბალნეო კურორტებზე.
სწორედ კვლევების შემდეგომ დაიდება ის ძირითადი პროგრამაც, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს კურორტები და საინვესტიციოდ აუქციონებზე რომელი მათგანი გამოვა. საქართველოს კურორტების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან“, - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.
იმ აზრს, რომ სამედიცინო ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, იზიარებენ კერძო სექტორშიც. კურორტ „ნუნისის“ დირექტორი ირმა დაუშვილი ამბობს, რომ ქვეყანა მდიდარია უნიკალური წლებით, მინერალური რესურსით, რაც მას უზარმაზარ პერსპექტივას აძლევს, სამედიცინო ტურიზმის მქონე განვითარებული ქვეყნების გვერდზე, თავისი ადგილი დაიმკვიდროს.
„ამ მხრივ საუკეთესო მაგალითებია თურქეთი და ისრაელი, რომელთა ეკონომიკაშიც დიდი წვილილი შეაქვს სამედიცინო ტურიზმს. ზუსტად ვარ დარწმუნებული, როგორც კი განვითარდება ჩვენთან სამედიცინო ტურიზმი, ის დაიკავებს ტურიზმის შემოსავლების 50%-ს“, - განმარტავს დაუშვილი.
ვიდრე კონკრეტული პროგრამა შემუშავდება, რომლითაც მთავრობა საკურორტო და მათ შორის, ბალნეო კურორტების განვითარებაზე იმუშავებს, კერძო სექტორი სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს.
„საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ცნობადობის გაზრდა, ასევე მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი. იმის გამო, რომ საქართველოში სამედიცინო ტურიზმი განვითარებული არ არის, კვალიფიციური ექიმები ემიგრაციაში მიდიან, რის გამოც ქვეყნიდან უზარმაზარი რესურსი გაედინება“, - აღნიშნავს კურორტ „ნუნისის“ დირექტორი.
თავის მხრივ გამოწვევებზე საუბრობენ კურორტების განვითარების სააგენტოშიც. მათი თქმით, გარდა ინფრასტრუქტურისა, გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ კურორტების საკმაოდ დიდი ნაწილი წლების წინ გასხვისებულია კერძო სექტორზე და იქ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.
ცნობისთვის, მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის ცნობადობა და ამ კუთხით მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს რესურსს კურორტების კუთხით, ქვეყანას დაახლოებით 280 საკურორტო ადგილი აქვს და აქედან, 60-ზე მეტი ბალნეო კურორტია. მთავრობა გეგმავს და პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის ამ ბალნეო კურორტების დიდი ნაწილი უკვე ინვესტორებისთვის იქნება გადაცემული და განვითარებული, ან თავად სახელმწიფოს მიერ ამუშავებული.