ტექნოლოგიები
05/10/2023

"საქართველოს აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული სერვისების მიმწოდებელი რეგიონული ჰაბი"

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა, ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის გაერთიანებულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (BEREC), ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMERG),  აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმისა (EaPeReG) და ლათინური ამერიკის, ესპანეთისა და პორტუგალიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის (REGULATEL) წარმომადგენლების გაერთიანებაა. სამიტი მიზნად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა  და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას ისახავს.

სამიტის ფარგლებში, რომლის მთავარ თემას საერთაშორისო დაკავშირებადობა წარმოადგენდა, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეობა ComCom-ის წევრმა და EaPeReg-ის წლევანდელმა თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ მიიღო. დისკუსიაში მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის გავლით ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის დერეფნის შექმნის მნიშვნელობაზე. ასევე, საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებისა და ქვეყანაში მონაცემთა ცენტრის შექმნის პერსპექტივებზე - „საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული სერვისების მიმწოდებელი რეგიონული ჰაბი, რასაც მოკლევადიან პერსპექტივაში, დადებითი გავლენა ექნება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთეს პოზიციონირებას მზარდ გლობალურ და რეგიონულ ციფრულ ეკონომიკაში მოწინავე ადგილის დასამკვიდრებლად“ - განაცხადა ComCom-ის წევრმა. სიტყვით გამოსვლაში, ეკატერინემ ასევე მიმოიხილა საერთაშორისო დაკავშირებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, EaPeReg-ის დანარჩენი წევრი ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევა და სამომავლო გეგმები.

გაერთიანებული სამიტის პარალელურად, ComCom-ის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა BEREC-ის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარეებთანაც, სადაც განიხილეს კომუნიკაციების კომისიის BEREC-ში გაწევრიანების საკითხი. შეხვედრები ასევე გაიმართა ირლანდიის, პორტუგალიის, მალტისა და პოლონეთის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეები და თანამშრომლობის გამყარების შესაძლებლობები მიმოიხილეს.