ტექნოლოგიები
07/12/2021

საქართველო ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შესაქმნელად მუშაობა იწყება.

სტრატეგიის შესამუშავებლად სახელმწიფო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით განხილვები სამუშაო ფორმატში მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

პროცესში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და გარკვეული ფინანსური სახსრების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის. ხელოვნური ინტელექტის საქმიანობაში ინტეგრირება ქვეყანას საბიუჯეტო თანხების დაზოგვასა და კერძო და სახელმწიფო სერვისების გამარტივებასა და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. კერძოდ, საუბარია მაგ. საქალაქო სამსახურის სერვისებზე - რეგისტრაციებზე, ლიცენზირებაზე, ტენდერებსა და სხვ.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოსახლეობისთვის ხარისხიანი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიწოდების შესაძლებლობას შექმნის, რაც მათ გარკვეული ხარჯებს დაუზოგავს. თუმცა, მისი შეფასებით მნიშვნელოვანია ქვეყანამ ხარჯები რაციონალურად და არა ნაჩქარევად გაწიოს.

„ეს რა თქმა უნდა მოგვცემს უზარმაზარ შედეგს რომ მივაწოდოთ მაცხოვრებლებს შედარებით უფრო ხარისხიანი და სწრაფი გადაწყვეტილებები, რაც მათ დაუზოგავს გარკვეულ ხარჯებს ან, დროულად მოახდენს, როგორც ბიზნესის ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს კონკრეტული, თუნდაც უბედური შემთხვევების აცილებისთვის, თუნდაც დამატებითი ხარჯების გაწევისგან აარიდებს ბიზნესსა და მოქალაქეებს. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იქნება გადადგმული და ხარჯები გავწიოთ რაციონალურად და არა ნაჩქარევად, რომელიც რა თქმა უნდა დაემყარება საერთაშორისო გამოცდილებასაც და ჩვენს შიდა გარკვეულ ადგილობრივ უნიკალურობას, რომელსაც საქართველო და ქართული ქალაქები გვაჩვენებს და გვთხოვს,“ - ამბობს ვახტანგ ლომჯარია.

როგორც ევროპის ბიზნეს ასოციაციაში (EBA) აცხადებენ, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ნაკლებობაა. გამოწვევების საპასუხოდ, EBA-ს ორგანიზებით ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში, ასევე გაიმართება.

EBA- ში ელიან, რომ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის სტატეგიის სამუშაო ვერსია მომავალი წლის ბოლოსთვის ექნება.

„ხელოვნური ინტელექტი არის შემდეგი ნაბიჯი ტექნოლოგიებში, რომელიც შეცვლის ყველაფერს. საქართველოს უკვე აქვს ძალიან კარგი მობილური და ინტერნეტ სისტემები და ახლა ჩვენ, მეტი ეფექტურობის მისაღწევად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც გვჭირდება. ამასთან, ქვეყანას ყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამისტები - ქართველები, რომლებიც არიან აქ, შესაბამისად ადამიანების უცხოეთიდან შემოყვანა არ დაგვჭირდება. რაც ჩვენ გვჭირდება, ესაა მხოლოდ პოლიტიკური ნება და ბიზნეს საზოგადოების ერთად დადგომაა. ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც სურს, რომ ამ მომავლის ნაწილი გახდეს. საქართველოს სჭირდება დროულად შეიმუშაოს ეროვნული სტრატეგია, რათა არ ჩამოვრჩეთ განვითარების სწრაფ ტემპს,“ - განაცხადა EBA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივიდ ლიმ.