ტექნოლოგიები
03/08/2023

როუმინგში 500 მბ ინტერნეტი ყველაზე ძვირად "მაგთის" აქვს

როუმინგის ტარიფები საქართველოში კვლავ ძვირია, რაც მომხმარებლებს რიგ შემთხვევაში მისი გამოყენებისგან თავის შეკავებას აიძულებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორები მომხმარებლებს შედარებით „იაფიან“ პაკეტებს სთავაზობენ, ცალსახაა, რომ როგორც ინტერნეტის, ისე წუთების ღირებულება ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

ინტერნეტ ტარიფები როუმინგში:

კომპანია

500 მბ

1გბ

2გბ

სელფი

20 ლარი

30 ლარი

*30 ლარი

მაგთი

50 ლარი

75 ლარი

N/A

სილქნეტი

45 ლარი

N/A

99 ლარი

 

*ცნობისთვის, "სელფიმ" როუმინგში 14 დღიან ინტერნეტ პაკეტებზე აქცია რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, 1+1 გბ 30 ლარი, 2+1 გბ 50 ლარი ხოლო, 5+1 გბ კი 120 ლარი ღირს. ამავე შეთავაზების თანახმად, კომპანიამ უფრო დაბალი მოცულობის ინტერნეტპაკეტები შეთავაზებიდან ამოიღო.

ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში კი "სელფის" მომხმარებელს სტანდარტული ფასებით ტარიფიკაცია მოუწევთ, რაც ოპერატორების მიხედვით განსხვავებულია, ევროპულ ქვეყნებში 50 მბ 3-6 ლარის ფარგლებში, ხოლო აზიური ქვეყნები, ასევე ბრაზილია, მექსიკა და სხვა კი 1 მბ 15 ლარი. 

იმავე პრინციპით, ასევე განსხვავებულია სტანდარტული ზარების ფასებიც, 10 წთ - 3-6 ლარის ფარგლებში, რიგ შემთხვევაში კი 1 წუთის საფასური 10 ლარია.  ამ შემთხვევაში ტარიფები საქართველოში განხორციელებულ ზარებზე, შემომავალ ზარებსა და იმ ქვეყნის ზარებზე მოქმედებს, სადაც იმყოფებით.

"მაგთის" შემთხვევაში, ცხრილში წარმოდგენილი ინტერნეტპაკეტების ამოწურვის შემთხვევაში, ტარიფი ფიქსირებული 1 მბ 25 თეთრია.  წინასწარი გადახდის როუმინგული მომსახურებაზე, გამავალი ზარების ღირებულება 1 წთ 0.45 ლარიდან 8.7 ლარამდე მერყეობს, შემავალი ზარების ღირებულება კი 1 წთ. 0.25 ლარიდან, 8.5 ლარამდე.   

"სილქნეტი" მომხმარებლებს 500 გბ ან 2 გბ-ის შეძენის შემთხვევაში, დამატებით, 10 და 15 დღიან სამოგზაურო დაზღვევას ჩუქნის. აგრეთვე, მომხმარებლებს სტანდარტულ როუმინგთან ერთად, იაფიან როუმინგსაც სთავაზობს, სადაც ზარის წამოწყება 10 თეთრია, ხოლო ტარიფი აგრეთვე სხვადასხვანაირად ანგარიშდება ქვეყნების მიხედვით. "სილქნეტი" მომხმარებელს ე.წ ოფლაინ როუმინგსაც სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ „სტანდარტული როუმინგით“ სარგებლობისას, როუმინგში გახარჯული თანხა ბალანსზე როუმინგის ოპერატორის ანგარიშსწორების მიღების შემდეგ, მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში ჩამოიჭრება.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, ახორციელებენ კვლევას ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, რისთვისაც საჭიროა, რომ როუმინგთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი ბაზა და მარეგულირებელი ნორმები, სრულად შეესაბამებოდეს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) კანონმდებლობასა და რეგულაციებს. ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთება კი საერთაშორისო როუმინგული ტარიფების შემცირებას უზრუნველყოფს.

როუმინგის ერთიანი ევროპული სივრცის მომსახურებები მოიხსენიება “Roam Like at Home” (RLAH) სახელით, რაც ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ამ ქვეყნებში გამოიყენონ თავიანთი მობილური მომსახურებები როუმინგის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ან ისარგებლონ მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით.