ტექნოლოგიები
27/01/2022

ხელშეუხებელი სიმდიდრე - რატომ არ არის NFT ფულის შოვნის მარტივი გზა

7 თებერვალს ონლაინ აუქციონზე ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის კუთვნილი შავი კეპი გაიყიდება, რომლითაც ის მაყურებელმა პირველად ფილმში Help! იხილა. ამავე აუქციონზე შეძლებთ შეიძინოთ The Beatles-ის წევრის, პოლ მაკარტნის მიერ ხელით დაწერილი ნოტები სიმღერისთვის Hey Jude. BBC-ის თანახმად, ნოტების საწყისი ღირებულება $30 000-ია, თუმცა მოსალოდნელია შეთავაზებების გაორმაგება. ლეგენდარული მუსიკოსების ნივთებს ჯონ ლენონის უფროსი ვაჟი, ჯულიენი ყიდის. თუმცა, მათი ახალი მეპატრონე საკუთრებას ვერც ფიზიკურად იხილავს და ვერც ხელით შეეხება, რადგან ის აუქციონზე NFT-ის სახით გამოვა. თითოეულ NFT-ის აუდიო-ვიზუალური სახე ექნება, ჯულიან ლენონის თხრობით, ნივთის გამოსახულებასთან ერთად.

„NFT იგივე Non-Fungible Token-ია, ანუ ისეთი რამ, რისი გაყალბება, გამეორება, ჩანაცვლება შესაძლებელი არ არის. მაგალითად, ჩვენ ორივეს 100 ლარიანები რომ გვქონდეს, მას ერთმანეთთან ძალიან მარტივად გავცვლიდით, რადგან ამ კუპიურებს განსაკუთრებული დამახასიათებელი არაფერი აქვს და ორივე 100 ლარიანით იდენტური ღირებულების პროდუქტები მოგვივა. მაგრამ მე თუ მაქვს 100 ლარიანი, რომელიც პირობითად გამოშვებულია 1999 წელს და აქვს მნიშვნელოვანი ფიგურის ხელმოწერა, მე აღარ მომინდება მისი გაცვლა. ჩემს კუპიურას შინაარსობრივად უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება ექნება. ეს რომ ციფრულ სამყაროში გადავიტანოთ, Non-Fungible Token არის ისეთი რამ, რასაც ციფრული ხელმოწერა აქვს.

მაგალითად, ლებრონ ჯეიმსმა შეიძლება გამოუშვას თავისი 10 საუკეთესო სათამაშო მომენტის ვიდეო და ყველა მათგანს მიანიჭოს ციფრული ხელმოწერა. იმის მიუხედავად, რომ ასეთი ვიდეო ფაილები ხელმისაწვდომია ყველასთვის, მხოლოდ ერთადერთი ორიგინალი იარსებებს, რომელსაც ლებრონ ჯეიმსის ხელმოწერა ექნება. რა თქმა უნდა, გადაკოპირება შეიძლება, მაგრამ ვერავინ დაამტკიცებს, რომ ეს ორიგინალია. ბლოკჩეინი NFT-ის ანიჭებს უნიკალურ კოდს, რომელიც ყველასთვის დასანახი და მარტივად გადამოწმებადია”,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ CryptX Terminal-ის გენერალური დირექტორი, Toptal-ის ფინანსური კონსულტანტი კრიპტო და ბლოკჩეინის მიმართულებით და BTU-ს ლექტორი, გიორგი გვაზავა.

მისივე თქმით, მსოფლიოში NFT ცნობილი ციფრული ხელოვნებით გახდა, თუმცა ის მხოლოდ Art and Collectibles-თან არ არის დაკავშირებული.

„ის ძალიან პოპულარულია სხვადასხვა თამაშშიც. ზოგადად Gaming ინდუსტრიაში, სტაბილურად იზრდება მიკრო ტრანზაქციების რაოდენობა, როდესაც თამაშშივე შეგიძლია სხვადასხვა ნივთის ყიდვა. ამ კუთხით, NFT-ის ახალი ეგრეთწოდებული use case-ი ან გამოყენების შესაძლებლობა მიანიჭა. NFT-ის გამოყენების კუთხით ძალიან პოპულარულია Axie Infinity და Battle Pets და შესაძლებელია ამ თამაშის პერსონაჟების ან item-ების ყიდვა/გაყიდვა. მაგალითად, შეიძლება თამაშში შევქმენი პერსონაჟი, ის სხვადასხვა ტურში გავიდა, გაძლიერდა და ა.შ. რაღაც მომენტში მე ამ პერსონაჟის NFT-ის სახით გაყიდვა შემიძლია“,- აღნიშნავს გვაზავა.

ამის მიუხედავად, NFT-ის თვალსაზრისით ტრანზაქციების ყველაზე დიდი მოცულობა მაინც NFT Art and Collectables-ზე მოდის. 2021 წელს 5 ყველაზე ძვირადღირებული NFT-ს მოცულობამ $120 მილიონს გადააჭარბა.

$69.3 მილიონად გაიყიდა მაიკ ვინკელმენის ციფრული ნახატი 5000 დღე. ის 5 000 პატარა ნახატისგან არის აწყობილი, რომელსაც არტისტი 5 000 დღის განმავლობაში ქმნიდა.

$28.9 შეფასდა ამავე არტისტის მორიგი ციფრული პროდუქტი Human one. ის დინამიურ ნამუშევრებს შეიცავს, რომელიც დღის განმავლობაში დროის მონაკვეთების მიხედვით იცვლება.

„არსებობს ასეთი კოლექცია Cryptopunks - მარტივად, პიქსელებით აწყობილი ადამიანის სახეა, სულ 10,000 ცალია და ბევრი მათგანი ძალიან მაღალ თანხად გაიყიდა. საკმაოდ საინტერესო პროექტია Twitter-თან დაკავშირებით “Valuables” , რომლის მიხედვით ტვიტების NFT-ედ ქცევაა შესაძლებელი. მაგალითად, ჯეკ დორსიმ (Twitter-ის დამფუძნებელი) 2006 წელს დაწერილი საკუთარი პირველი ტვიტი $2.9 მილიონად გაყიდა. შინაარსობრივად ეს იგივეა, რაც ჯეკ დორსის ტვიტის ამობეჭდვა და შემდეგ ამაზე მისივე ხელმოწერის გაკეთება”, - ჰყვება გვაზავა „ბიზნესპარტნიორთან“.

NFT საქართველოში აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა. ტრანზაქციების თვალსაზრისით ბაზრის მოცულობა დიდი არ არის, თუმცა პროდუქტის ცნობადობა იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული შოთი და აჩი არველაძეების გაციფრულებული მაისურია, რომელიც ფეხბურთელებმა ერთმანეთს 1997 წელს „ბრედასა“ და „აიაქსის“ თამაშის შემდეგ გაუცვალეს. ეს მატჩი ძმებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაატარეს.

$22 000 ღირს საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ცნობილი ფრაზა „ნუ ღრიალებ“.

 

რაც უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება NFT-ით, მით უფრო იზრდება მასთან დაკავშირებული რისკებიც.

„ზოგადად, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში NFT-ის ფულის შოვნის მარტივ და სწრაფ საშუალებად უყურებენ. უფრო ციფრული ხელოვნების მიმართულებით. ეს მოტივი ხშირად არ ამართლებს. ვიღაცამ შეიძლება მართლაც იშოვოს ცოტა ფული, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში 100-დან ალბათ, 5 ადამიანი დარჩება მოგებული. ვიღაცებს, უბრალოდ, შერჩებათ ძვირად ნაყიდი NFT, რომელსაც აღარავინ იყიდის. მე შეიძლება ჩემს NFT-ის დავადო 10 მილიონი, მაგრამ ის არავინ იყიდოს. შესაბამისად, ფასის ცნება ფარდობითია. თუ ვიღაც დღეს NFT-ის იმიტომ ყიდულობს, რომ ხვალ უფრო ძვირად გაყიდოს, შეიძლება ფიზიკურად აღარ იყოს მყიდველი.

NFT-ის შენახვას, გადაცვლას და ტრანზაქციას რაც შეეხება, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ციფრულ საფულეში ინახება. ჩვენ ეს საფულე კარგად უნდა დავიცვათ. რამდენიმე დღის წინ NFT-ების ყველაზე დიდ პლატფორმაზე აღმოჩნდა, რომ სმარტ კონტრაქტში პრობლემა იყო გაპარული. ჰაკერმა (ან ჰაკერების ჯგუფმა) მოახერხა, რომ საკმაოდ ძვირიანი NFT-ები მეპატრონეების თანხმობის გარეშე ძალიან იაფად ეყიდა მათგან (ისტორიული ფასით) და შემდეგ მალევე საბაზრო ფასით, ძვირად გაეყიდა“,- განმარტავს CryptX Terminal-ის გენერალური დირექტორი.

NFT-ს ბაზრის სტრუქტურა საკმაოდ მარტივია. მათთვის, ვისაც NFT-ს შექმნა, მისი ყიდვა, ან გაყიდვა სურთ, სპეციალისტებს მარტივი რჩევა აქვთ. ამბობენ, რომ ამისთვის მხოლოდ Youtube-ზე შესვლა და შესაბამისი ვიდეოების ყურებაა საჭირო. მარტივად ახსნილი ინსტრუქცია NFT-ით ვაჭრობაში დაგეხმარებათ და ვინ იცის, იქნებ თქვენც შექმნათ, ან შეიძინოთ ისეთი ციფრული ნამუშევარი, რომელიც მომავალში თქვენდა გასაკვირად მილიონებად შეფასდება.