ტექნოლოგიები
22/11/2021

Georgian Products-ის საწარმოო პროცესში რობოტები 2 კვირაში ჩაერთვებიან

რობოტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული კომპანია KUKA-ს წარმოებული რობოტები საქართველოში მალე გამოჩნდებიან. 

რობოტები ცხოველების ავეჯის მწარმოებელ კომპანია Georgian Products-ში 2 კვირაში წარმოებაში ჩაერთვებიან და ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში პირველი შემთხვევაა.

როგორც ქართული კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, წარმოებისთვის Georgian Products-ს უამარავი დეტალი სჭირდება და ამისთვის არ არსებობს ინდუსტრიული დანადგარი, მხოლოდ კუსტარული დანადგარებით არის მუშაობა შესაძლებელი და ამ მიმართულების განვითარება მნიშვნელოვანია.

"რობოტების ხარჯზე საწარმოში ადამიანური რესურსი არ შემცირდება, პირიქით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დასაქმებულ ადამიანს საქმეს გაუიოლებს და მისი ჩანაცვლება რობოტებით არ იგეგმება. რობოტების საფუძველზე წარმოება გაორმაგდება", - განაცხადა ბარდაველიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობის გარდა, გერმანული კომპანია სხვა მიმართულების განვითარებასაც გეგმავს. კერძოდ, KUKA საქართველოში ინდუსტრიული რობოტექნიკის შემსწავლელი ცენტრის შექმნას გეგმავს.

KUKA ტრენინგცენტრის შესაქმნებლად ინტენსიური სამუშაოების დაწყებას მომდევნო წლიდან აპირებს.