ტექნოლოგიები
02/08/2023

ComCom-ის წევრი: MVNO-ს ვალდებულების გარეშე გამოტანილი კომბინირებული ლოტი 5G-ს დასანერგად საკმარისია

კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე 5G-ის აუქციონში გამოტანილი ლოტების შესახებ კომპანიების პოზიციებს ბრალდებად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ComCom-ის მიერ ოპერატორების მოთხოვნის შესაბამისად გამოტანილი კომბინირებული ლოტი სრულად საკმარისია მეხუთე თაობის ქსელის დასანერგად. აღნიშნულის შესახებ იმედაძემ „საქმის კურსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია ვალდებულია სიხშირული რესურსი გონივრულად გაანაწილოს.

„5G უმნიშვნელოვანესი თემაა ქვეყნისთვის, მისი ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების სტრატეგიისთვის, რაც შეეხება კომპანიების არგუმენტებს და მე დავარქმევდი ბრალდებებს, ვფიქრობ, რომ კომისიის საჯარო სხდომიდან ის ჩანაწერები, რომლებიც ეთერში გაუშვით, ნათლად პასუხობს, პირველ რიგში იმას რომ კომპანიები ერთის მხრივ იყვნენ მზად, ამ არჩევანში 1 ლოტი მაინც თუ იქნებოდა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე, მაშინ მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა სამწუხაროდ, შემდეგ რამდენიმე დღეში განავრცეს, რომ მაინც აღარ იყო საკმარისი სიხშირეების ასეთი განაწილება.

მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით აუქციონის ლოტების შესახებ: სულ 24 ლოტი არის გამოტანილი, აქედან 4 არის ძირითადი კომბინირებული. უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეული ეს კომბინირებული ლოტი, ცალკე მდგომად უკვე საკმარისია მეხუთე თაობის ქსელის დასანერგად და ჩვენ ერთი ასეთი ლოტი კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად გამოვიტანეთ MVNO დაშვების ვალდებულების გარეშე, რადგან მოგეხსენებათ წლებია კომპანიების მხრიდან წინააღმდეგობა აქვთ MVNO-ს შემოსვლას. და ამის დამატებით, ჩვენ გამოვიტანეთ ცალკე მდგომი ლოტებიც ვალდებულების გარეშე წაღების საშუალებას იძლეოდა, რაც ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებით, მოგეხსენებათ, ევროპის 80%ზე მეტი დაფარულია 5G ქსელით, იქ ბევრი ქვეყანაა ანალოგიური კი არა, უფრო დაბალი განაწილება სიხშირეების რაოდენობით, რომ დაიფარა მეხუთე თაობის მაღალი ხარისხის ქსელით. ასე, რომ ეს სავსებით საკმარისი იყო.“ - განაცხადა ComCom-ის წევრმა.

ეკატერინე იმედაძემ ასევე საერთაშირისო პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუქციონის გამოცხადება ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით მოხდა.

„უკვე ფაქტებით, დანერგილი ქსელები, საფრანგეთში, ბელგიაში, პორტუგალიაში, არის მაგალითები, სადაც უფრო ნაკლები სიხშირული ზოლით ძალიან წარმატებულად დაინერგა მეხუთე თაობის ქსელი, ანუ ეს პრაქტიკა არსებობს, თუ რა რაოდენობა არის საჭირო იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაინერგოს მეხუთე თაობის ქსელი, მაგრამ აქ არის მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩვენს მოქალაქეებს მოეხსენებათ, რომ სიხშირული რესურსი არის ამოწურვადი რესურსი, ეს არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რესურსი, რომელიც გონივრულად უნდა განაწილდეს და არ შეიძლება, რომ ერთი ავტორიზებული პირის ხელში აღმოჩნდეს იმაზე მეტი სიხშირე, ვიდრე საჭიროა, რომ მოუტანოს ეკონომიკური სიკეთე როგორც კომპანიას, ასევე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ზუსტად ამიტომ იდება  MVNO დაშვების ვალდებულება, რომ ეს სიკეთე ასევე ხელმისაწვდომი გახდეს სხვა მობილური მომსახურების გაწევის მსურველი ოპერატორებისთვის, ამიტომ ეს აუცილებელი იყო, რომ კონკურენტული ყოფილიყო ის ლოტები, რომელსაც გამოვიტანდით. მოგეხსენებათ, რომ კონკურენციის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ამოცანა და იმიტომ არის ეს სფერო რეგულირებული, რომ კომისიის ვალდებულებაა სწორედ ეს, რომ ეს რესურსი გონივრულად განკარგოს, არ მოხდეს გადამეტებული რაოდენობის გადაცემა,  კონკურენტული პირობები შექმნას, ამავე დროს შექმნას დაშვების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ ევროკავშირის რეგულაციები და შემოვიტანეთ, 5-20 და 80%-მდე ფასდაკლება, მათ შორის 20%-მდე ფასდაკლება იყო MVNO ოპერატორის დაშვების ვალდებულებაზე და ზოგადად ღირებულებაც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მშპ-ს გათვალისწინებით, ამ სიხშირული რესურსის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი და დაბალია, ასე რომ კომპანიების ბიზნეს გეგმებსაც პასუხობს და ალბათ ისიც ამის შედეგია, რომ ერთი მსურველი გვყავს, რაც სასიხარულოა, თუმცა სამწუხაროა, რომ ბაზრის ორი დიდი მოთამაშე არ გვყავს აუქციონის მონაწილე.“- განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

Businesspartner