უძრავი ქონების ახალ პლატფორმას აქვს პოტენციალი ინვესტიციები მოიზიდოს – InterREIT
InterREIT-ის კომპლექსური პროექტის მეშვეობით უძრავ ქონებაში დანაზოგების დაბანდება ხელმისაწვდომი გახდება მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის.
პროექტი აერთიანებს ორ ციფრულ - უძრავი ქონების საბროკერო და SPMS საზიარო ქონების მართვის პლატფორმებს.
როგორც InterREIT-ის დამფუძნებელი შალვა ჯოხარიძე ამბობს, ეს პროექტი აკავშირებს დაინტერესებულ პირებს ერთმანეთთან და საშუალებას აძლევს მათ, დანაზოგები დააბანდონ პირდაპირ უძრავ ქონებაში და გაიჩინონ ყოველთვიური დამატებითი შემოსავალის მიღების შესაძლებლობა.
„უფრო მეტიც, პლატფორმა მოიცავს ე.წ. თანასაკუთრების მართვის მენეჯმენტ სისტემას (SPMS), რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს შეძენილი ქონების მართვა, მაგალითად, სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება ონლაინ. იმისთვის რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავიდან იქნას არიდებული ე.წ. დედ-ლოქის შემთხვევები (სიტუაციები, როდესაც თანამესაკუთრეები ვერ მიდიან კონსესუსამდე), თანამესაკუთრეთა შორის ურთიერთობა „თანამესაკუთრეთა გარიგებით“ რეგულირდება, რომელიც ქონების მენეჯმენტის თითქმის ყველა ასპექტს მატ შორის, ხმების საჭირო რაოდენობას თითოეული ტიპის გადაწყვეტილებისთვის, შემოსავლის განაწილების წესებს გულისხმობს და ა.შ.),“ – აღნიშნავს შალვა ჯოხარიძე.
InterREIT-ის გუნდი 2019 წლიდან მუშაობს ონლაინ საბროკერო პლატფორმის შექმნაზე, რომლის პროტოტიპული ვერსია უკვე შექმნილია და დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, რომ რამდენიმე პირმა ერთობლივად შეიძინონ უძრავი ქონება შემდგომი გაქირავების ან სხვა მიზნებისთვის და მიიღონ ქონებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი თავიანთი წილის პროპორციულად.
„GITA-ს თანადაფინანსების პროგრამაში გამარჯვება საშუალებას გვაძლევს მივყვეთ განვითარების გეგმას, დავაჩქაროთ პროცესი და ადგილობრივ ინვესტორებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებები უფრო ეფექტური გავხადოთ, დავანახოთ მათ ჩვენი სტარტაპის პერსპექტიულობა. ვგეგმავთ რეგიონის ბაზარზე გასვლას, რისთვისაც დამატებითი რესურსის მოძიებაა საჭირო. ამ ეტაპზე, ბალტიისპირეთის რამდენიმე ქვეყნის ბაზრის ანალიზს ვაკეთებთ. ამ პროექტს აქვს პოტენციალი გახდეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საშუალება,“ – ამბობს შალვა ჯოხარიძე.
InterREIT-ის წარმომადგენლის თქმით, აპლიკაციის დახვეწას და მომხმარებლებზე მორგებას რამდენიმე თვე დასჭირდება. 18000 ლარამდე უკვე დახარჯულია, მოგებული100 000 ლარი კი ბიუჯეტის მიხედვით რამდენიმე ეტაპად არის გაწერილი: ნაწილი დეველოპმენტისა და მარკეტინგისთვის, ნაწილი კი კვლევებისთვის დაიხარჯება.