სტარტაპი
04/08/2020

სტარტაპი "მივინო“ ინვესტორს ეძებს

თუნუქის ქილებში ჩამოსხმული ქართული ღვინის კომპანია „მივინო“ ინვესტორს ეძებს. საუბარია კომპანიაზე, რომელიც რამდენიმე სტუდენტმა დააფუძნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, საწყის ეტაპზე საუბარია დაახლოებით 150 000-500 000 ლარის ინვეტიციაზე, რომელიც წარმოების გაფართოებისთვის იქნება გამოყენებული. მათ შორის, ახალი პროდუქტების ნახევრად ტკბილი, შუშხუნა ღვინოების დამატებისთვის.

ბრენდი „მივინო“ მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნად სახეობას „რქაწითელს“ და „წითელ საფერავს“ (330 მლნ) სთავაზობს. კომპანია  თანამშრომლობს ღვინოს რამდენიმე მსხვილ მწარმოებელთან და ახორციელებს მათგან როგორც ღვინის შესყიდვას, ისე ადგილზე ჩამოსხმას.

„ბიზნესის დაწყებაში ხელი შეგვიწყო „კრისტალის“ ახალგაზდა მეწარმეთა სკოლამ, შემდეგ მიმდინარეობდა ჩვენი ღვინოების ქილებთან შესაბამისობის კვლევა, რაც წარმატებით დასრულდა.  პროდუქტის ჩამოსხმა 2 წლის წინ  დავიწყეთ. ბაზარმა საკმაოდ დადებითად მიიღო, პირველი შესყიდვებიც საკმაოდ დიდი იყო. როდესაც ამ სფეროში ოპერირება დავიწყეთ ქვეყანაში არ არსებობდა ღვინის ქილებში ჩამოსხმის პრაქტიკა, შესაბამისად, საქმე გვქონდა საკმაოდ რთულ ტექნოლოგიურ პროცესთან, რომლისთვისაც არც ცალკეულად ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის ტექნოლოგია იქნებოდა საკმარისი და არც ლუდის ქილებში ჩამოსხმის, არამედ კომპლექსური ამოცანა იდგა ჩვენს წინაშე. ახლა კი ტექნოლოგიური ცოდნით, ფართო საბაზრო გამოცდილებით, მზად ვართ გადავიდეთ სტარტაპის ზრდის ეტაპზე და აქტიურად დავიწყეთ ინვესტორების ძებნა“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მისი განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე ქართველ ბიზნესმენთან მოლაპარაკებები, თუმცა, საუბარია ფინანსირების მცირე მასშტაბებზე. როგორც მაჭავარიანი აცხადებს, ჯამში კომპანიას დაახლოებით 0,5 მლნ ლარის ინვესტიცია სჭირდება.

კითხვაზე, რატომ არ თანამშრომლობს საფინანსო სექტორთან, მათ შორის ბანკებთან, მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბანკებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, რადგან საკმაოდ დიდ საგარანტიო მექანიზმებს ითხოვენ.

„ბიზნესი რაც არ უნდა წარმატებული, საინტერესო და მიმზიდველი იყოს, თუ ეს საგარანტიო მექანიზმები არ გაქვს, ძნელია ბანკებთან ითანამშრომლო. ანალოგიური შეიძლება ითქვას სახელმწიფო პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც თანამონაწილეობაა საჭირო“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.

ამჟამად კომპანია „მივინო“ რეალიზაციას თბილისში, სპარის 17-მდე ფილიალში და გუდვილის ქსელებში ახდენს. პროდუქცია იყიდება „ვენდუს“ ონლაინ პლატფორმაზეც.