სტარტაპი Artisio ამერიკის ბაზარზე გაფართოებას და AI პერსონალიზაციას გეგმავს
სტარტაპი Artisio ამერიკის ბაზარზე ოპერირების გაძლიერებას და AI მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს. - ამის შესახებ სტარტაპი Artisio-ს დამფუძნებელმა ირაკლი სვანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
„ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძალიან სწრაფად უნდა გავიზარდოთ და დავიწყოთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომხმარებლების პერსონალიზაცია. მაგალითად, როგორც ამაზონს აქვს მსგავს მომსახურებას ვგეგმავთ აუქციონების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს, რომლებიც აუქციონზე მონაწილეობენ შევთავაზებთ მათი წარსული გამოცდილების მიხედვით რელევანტურ პროდუქციას, რაც ჩვენს კლიენტებს საშუალებას მისცემს უფრო მეტი ნივთი გაყიდონ და გაზარდონ რეალიზაცია.“-აღნიშნავს სვანიძე.
Artisio-მ ახლახანს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კონკურსში გაიმარჯვა და 150 000 ლარის გრანტი მიიღო.
„ასევე ორი ახალი ფუნქციონალის დამატებას და გაშვებას ვაპირებთ წელს, ეს არის Self on-boarding-ი, ანუ ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც აუქციონის გაკეთება უნდა შეეძლება მარტივად თვითონვე დარეგისტრირდეს და 5 წუთზე ნაკლებ დროში დაიწყოს აუქციონები, მეორე ეს არის AI პერსონალიზაცია, ამ გეგმების განხორციელებისთვის ვაპირებთ GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტის გამოყენებას.“- ამბობს ირაკლი სვანიძე.
მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე მათი პროდუქტის მიმართ მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მომხმარებლები ჰყავთ ახალი ზელანდიიდან, ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ა.შ
„იმ დიდ პრობლემას, რომელიც ამ ინდუსტრიაშიდა ბაზარზეა, მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ. ინვესტორების მხრიდან ინტერესი დიდია, საინვესტიციო რაუნდის აქტიურ ფაზაში ვართ და აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს.“-აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი.
სტარტაპი 2021 წლის დასაწყისში გამოჩნდა, რომელსაც ბრიტანული ვენჩერული კაპიტალისგან $300 000-ის ინვესტიცია აქვს მიღებული. Artisio უკვე წარმოდგენილია გლობალურ ბაზარზე და 8 სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს მომხმარებლები.
შეგახსენებთ, რომ Artisio არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors). Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ მომხმარებლები.
ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ აუქციონების მეშვეობით და ბაზრის მოცულება შეადგენს 200 მილიარდ დოლარს.