მარგალიტების პირველი ფერმა საქართველოში - ქართული სტარტაპის ექსპერიმენტული ბიზნესი
მარგალიტების პირველი ფერმა და ადგილობრივად დამზადებული სამკაულები –The Pearl Club ქართული სტარტაპია, რომელიც მარგალიტის კულტივირებით არის დაკავებული, რისთვისაც სტარტაპმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ექსპერიმენტული ფერმა მოაწყო.
სტარტაპ The Pearl Club-ის დამფუძნებლებმა, ანა ბარათაშვილმა და მარიამ გოგიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ მარგალიტების ფერმაზე და ბრენდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„საქართველოში მარგალიტების წარმოების იდეა ერთი წლის წინ, ტაილანდში მოგზაურობისას გაჩნდა, სადაც ე.წ. მარგალიტების კუნძულზე აღმოვჩნდი. დამაინტერესა მარგალიტების მოყვანის პროცესმა და გადავწყვიტე უკეთესად გავცნობოდი ამ საქმეს. თბილისში დავბრუნდი რამდენიმე ნიმუშით, ტაილანდელი ტექნოლოგების რჩევებით და შევუდექით თბილისის ზღვაზე ფერმის აშენებას, რომელიც ამ ეტაპზე არის ექსპერიმენტული. ხარისხიანი მარგალიტის მიღება მოითხოვს დიდ შრომას და ენერგიას, მის ჩამოყალიბებას დაახლოებით 2-7 წლამდე დრო სჭირდება. ჩვენი მიზანი ქართული მარგალიტის წარმოებაა,“ – აღნიშნავს მარიამ გოგიაშვილი.
ბრენდი The Pearl Club-ის პროდუქცია ამ ეტაპზე ინდონეზიიდან და იაპონიიდან იმპორტირებული მარგალიტებით კეთდება. დამუშავება და ვერცხლის დეტალებით გაფორმება უკვე საქართველოში ხდება. ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, განკუთვნილია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მაამკაცებისთვის. პროდუქციის რეალიზაცია FB და Instagram გვერდებით ხდება, თუმცა The Pearl Club–ის ვებ–გვერდი მზადების პროცესშია.
„მარგალიტის კულტივირება გულისხმობს, მოლუსკში ხელოვნური ნაწილაკის შეყვანას, დანარჩენი პროცესი ისევე ბუნებრივად ხდება, ადამიანის ჩარევის გარეშე. გვინდა, მოვიყვანოთ მარგალიტები და გამოვიყენოთ ჩვენსავე დიზაინში, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ამ მხრივ. ბრენდი ბევრ სფეროს მოიცავს, სამკაულს, ტანსაცმელს და ა.შ რომლის განუყოფელი ნაწილი იქნება ფერმა. გამოხმაურება საკმაოდ დადებითია, რაც კიდევ უფრო მეტის კეთების მოტივაციას გვაძლევს.“– თქვა ანა ბარათაშვილმა.