100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი სტარტაპები 23 თებერვალს გამოვლინდებიან
ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.
სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 23 თებერვალს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარიან გრანტს მიიღებს.
ჟიური მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:
- მარვინ ლიაო - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის 500 Startups-ის მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში.
- ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).
- ტიმ ვაგნერი - Momentum Engine (San Francisco)- ის დამფუძნებელი პარტნიორი. 2020 წლამდე წარმოადგენდა კომპანიას Accenture Ventures, რომლის საინვესტიციო მოცულობამ მისი ხელმძღვანელობის პირობებში, 280 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა წელიწადში. არის კომპანია Fortune 500-ის ტრანსფორმაციის აგენტი, ინვესტორი და დამფუძნებელი. არის ათეულობით სტარტაპის ინვესტორი. ტიმ ვაგნერი ახდენს სტარტაპის აქსელერაციას კონცეფციიდან მის მასშტაბირებამდე. არის ჰარვარდის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
- ანილ გეჯუანი - Encircle, Inc-ის პრეზიდენტი და CEO 2002 წლიდან. ხელმძღვანელის რანგში იგი აქტიურად არის ჩართული ფინანსური ოპერაციების გაციფრულების პროცესებში. 1998 წლიდან არის რამდენიმე სტარტაპის ,,ანგელოზი ინვესტორი“ და მათი მრჩეველთა საბჭოს წევრი.
- შალვა დაუშვილი - სტენფორდის უნივერსიტეტის (კალიფორნია) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. 2019 წლიდან წარმოადგენს კომპანია Mission Gate-ს, როგორც ხელმძღვანელი და ვენჩურული კაპიტალისტი. თანამშრომლობს და ეხმარება განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ტექნოლოგიური, ინოვაციური სამომხმარებლო პროდუქტისა და ბლოკჩეინ ინდუსტრიებში გლობალურ დონეზე დამკვიდრებაში. დახურული აქვს 5 საინვესტიციო პროექტი მთლიანი მოცულობით 12 მლმნ. აშშ დოლარი.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.