"სუბსიდირება არ წყვეტს ღვინის ხარისხთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას"
ღვინის მწარმოებლები რთველის სუბსიდირების საჭიროებას ვერ ხედავენ. როგორც „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, სუბსიდირება არ წყვეტს ღვინის ხარისხთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას.
„სუბსიდირება არ წყვეტს იმ მთავარ საკითხს, რომლის წინაშეც დგას ქართული მეღვინეობის სექტორი. ეს არის მეტი და მაღალი ხარისხის ღვინის გაყიდვა. ღვინო ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმით. მათ შორის ნიშური სიწმინდიდან დაწყებული, იმით თუ რა პრეპარატებია მოხმარებული, როგორ არის მოვლილი ვენახი. სუბსიდირების შემთხვევაში ძნელია ამის კონტროლი და ვერც ხდება.“-აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.
მისივე თქმით, თუ მაღალი ხარისხის არ არის ღვინო, რთულია მისი რეალიზაცია.
„თუ არ გვექნება მაღალი ხარიხის ღვინო, შესაბამისად ორჯერ რთულია ამ ღვინის გაყიდვა. შესაბამისად, ვართ ჩაკეტილ წრეში. სუბსიდირება ახალისებს იმასაც რომ შეიძლება ვიღაცეები ვენახს მხოლოდ იმიტომ აშენებენ, რომ იქ მოყვანილ ყურძენს ჩააბარებენ. ამიტომაცაა რომ სუბსიდირება ყოველწლიურად უფრო დიდ ტვირთად აწევს ბიუჯეტს.“- განმარტა მეღვინემ
„იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეს სუბსიდიის პოლიტიკიდან.
მესმის, რომ რთული იქნება სუბსიდირების პოლიტიკიდან გამოსვლა, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უფრო მტკივნეული აღმოჩნდება როგორც დარგისთვის, ისე ბიუჯეტისთვის. ამიტომ, ეტაპობრივად უნდა მოხდეს გამოსვლა ამ არასწორი მიდგომიდან, ისე რომ ნაკლებ სირთულეებს წააწყდნენ მხარეები. დეკლარირებული არის რომ სახელმწიფო ნელ-ნელა გამოვა სუბსიდირებიდან, მაგრამ ამ ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.
ბუნებრივია, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ გასაკეთებელია. წარმოიდგინეთ, სუბსიდირების გამო ჩაყრილი ვენახი ნიშნავს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი სუბსიდირება დაგვჭირდება. ვენახი უნდა გაშენდეს, ჩაიყაროს, მაგრამ ეს უნდა იყოს დაფუძნებული საბაზრო პრინციპებზე და არა იმის იმედზე, რომ ყურძენს მთავრობა ჩაიბარებს.“-აღნიშნა მეღვინემ.
ცნობისთვის, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.