სოფლის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი 2021 წლისთვის 40%-ით გაიზარდა
სოფლის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი 2021 წლისთვის 40%-ით გაიზარდა. უწყება პროექტების განხორციელებისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან 186 მილიონ ლარს დახარჯავს. გარდა საბიუჯეტო სახსრებისა სოფლის განვითარების სააგენტო დონორებისგან დამატებით 14 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ილია თამარაშვილი განმარტავს, რომ პანდემიამ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელი პროცედურები დააჩქარა. შესაბამისად, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით ახალი ბიუჯეტი საგრძნობლად არის გაზრდილი და 186 მილიონ ლარს შეადგენს.
“ეს თანხა შესაძლებლობას გვაძლევს გავაგრძელოთ ყველა ის სიტემური პროექტი, რომელიც მიბმულია ერთიან ღირებულებათა ჯაჭვზე. ეს არის დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგროკრედიტი, სადაც ბიუჯეტი 40 მილიონით მეტი გვაქვს. ასევე აგროდაზღვევა და მოსავლის ამღები ტექნიკის პროექტი. ყურადღება მიაექცევა ახალ მიმართულებასაც“, - აცხადებს ილია თამარაშვილი.
2019 წლიდან სააგენტო სოფლის მეურნეობის გარდა სააგენტო სხვა მიმართულებების განვითარებაზეც მუშაობს. წელს დონორების დახმარებით სოფლებში ინფრასტრუქტურის ინტეგრირებული განვითარების პროექტი ამუშავდება.
„იმისთვის რომ სოფელი განვითარედეს მიდგომები კომპლექსური უნდა იყოს. სოფელი მხოლოდ სოფლის მეურნეობა არ არის. არის სხვა საქმიანობებიც, რომელსაც ასევე მხარდაჭერა სჭირდება. ამისთვის ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ და წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ UNDP-სთან ერთად სოფლის განვითარების პროგრამას. ამ მიმართულებით რამდენიმე ახალი პროექტი გვაქვს. ერთ ერთი ასეთი შესაფუთი მასალების მწარმოებელთა მხარდაჭერაა. დამუშავების პროცესშია და მეორე კვარტლიდან ამუშავდება ინფრასტრუქტურის ინტეგრირებული განვითარების პროექტი. ეს სოფლის არეალის არასასოფლო მიმართულებით განვითარებას ემსახურება“ -აცხადებს ილია თამარაშვილი.
შეგახსენებთ, გრძელდება აგროდიზელის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საჭირო საწვავს ფერმერები ბაზარზე არსებულზე დაბალ ფასად ყიდულობენ.
20 მაისამდე გრძელდება არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა პროგრამაც. იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ. სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე 246,000 ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ ლარს აჭარბებს.