"მივიღეთ დიდი რაოდენობის პროდუქცია, რომელსაც ადგილობრივი ბაზარი ვერ ითვისებდა"
კენკროვანი კულტურების განვითარებისა და წარმოების პოტენციალი საქართველოს ნამდვილად აქვს, თუმცა, აქამდე ქვეყანაში სამრეწველო დანიშნულებით კენკრა საერთოდ არ იწარმოებოდა, ამიტომ არ გვქონდა შესაბამისი ცოდნა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა.
ასე გამოეხმაურა ის, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველოში მაყვლის ბაღების 50%-ზე მეტი, ხოლო ჟოლოს ბაღების 40% - გაიჩეხა.
„ეს განაპირობა დარგში არსებული ცოდნის და გამოცდილების სიმწირემ, ფერმერების მიერ გაკეთებულმა არასწორმა გათვლებმა, არასწორმა მოლოდინებმა გასაყიდ ფასზე და სხვა… საკმაოდ რთული პროცესი წარიმართა, გაშენდა ძალიან ბევრი ბაღი, მაყვლის, ჟოლოსი - მივიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქცია, რომელსაც ადგილობრივი ბაზარი ვერ ითვისებდა, საჭირო იყო ექსპორტზე ფიქრი, რომ ეს რაოდენობა რაღაცნაირად ყოფილიყო რეალიზებული და ფერმერებსაც მიეღოთ რაღაც შემოსავალი, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მზად ექსპორტისთვის.
ძალიან მალფჭებადი პროდუქტია, რომელსაც 1 დღეც ვერ ინახავ. არ გვქონდა სწრაფი გაგრილების კამერები, ბევრს მოქონდა უკვე გადამწიფებული პროდუქტი, შემსყიდველები კი იყვნენ, მაგრამ არ იღებდნენ ასეთ დაბალი ხარისხის პროდუქციას. აქედან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რაც საჭირო იყო შემდგომი განვითარებისთვის, კვლავ წარმოებისთვის. სწორედ ამას მოჰყვა მაყვლისა და ჟოლოს ბაღების გაჩეხვა“,- აღნიშნა იზოლდა ქიტესაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა რეგიონს თავისი პრობლემები აქვს, თავისი კლიმატური პირობები, ამიტომ, ჟოლოს და მაყვლის ის ჯიშები, რაც ფერმერებს ჰქონდათ, ბევრ რეგიონს ვერ შეეგუა.
„ახლა უკვე მეტი ინფორმაცია გვაქვს. ვმუშაობთ, რომელ რეგიონში რა ჯიშები უნდა გაშენდეს. ამასთან, იქმნება ახალი ჯიშები, ვიზუალურადაც ლამაზები, გემოვნური თვისებებითაც გამორჩეულები. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს სექტორი ნამდვილად განვითარდება“, - განმარტა იზოლდა ქიტესაშვილმა.
მისივე თქმით, მაყვლის 2 ახალი ჯიში შემოიტანა, რომელიც ადრეულ ნაყოფს და მოსავალს იძლევა.
„ამ სახეობების ნაყოფი მკვრივია, გემოვნური თვისებები კარგია, მარტივად ტრანსპორტირებადია. საწყის ეტაპზე, სათბურში გავაშენე ეს ჯიში და პირველი მოსავალიც მივიღე 800 კილოგრამი მაყვალი. ახლა უკვე მაყვლის მეორე მოსავალს ვკრეფ“, - განაცხადა კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, ამ პროდუქციის რეალიზაცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.
ცნობისთვის, საქართველოდან 2022 წელს დაახლოებით 9 მლნ დოლარის ღირებულების, 1 500 ტონაზე მეტი კენკრა გავიდა ექსპორტზე, რაც 2021 წელთან შედარებით 46%-ით გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული კენკრის მთლიანი რაოდენობის თითქმის 86%-ს მოცვის ექსპორტი წარმოადგენს.