მაია ბითაძე: დროა ტყის კოდექსი სრულად ავამოქმედოთ და ტყეზე ზემოქმედება შევამციროთ
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ტყის კოდექსი გააჩნია, ის დღემდე არ ამოქმედებულა. მიზეზი კი ისააა, რომ შესაბამისი კანონქვემდებარე კანონი არ არის მიღებული. ტყის კოდექსის სრულად ამოქმედების დეტალებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ტყის კოდექსი სრულიად ახლებურად აყალიბებს იმ პრინციპებს, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტყეზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს და ქვეყანა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის იმ პრინციპებზე, რომლებიც განვითარებულ მსოფლიოშია დანერგილი.
მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის, კომიტეტი მზადაა, შექმნას სამუშაო ჯგუფი მაჟორიტარებისა და ექსპერტების ჩართულობით. კომიტეტი უახლოეს ხანში ასევე შექმნის სამუშაო ჯგუფს ტყის მიმართულებით, რომლის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, ასევე იმ საკითხების ადრეულ ეტაპზე გადაწყვეტაში, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე დაისმება.
ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ქვეყნის ტერიტორიის 43% არის ტყე, ბოლო 30 წლის განმავლობაში კი გაიზარდა ზემოქმედება ტყეზე, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
"მნიშვნელოვანია, რომ ტყის კოდექსმა განსაზღვრა სატყეო სექტორის მომავალი - ეს უნდა იყოს მდგრადი სარგებლობა ისე, რომ სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ბალანსი არ დაირღვეს. ქვეყანაში იყოს ჯანსაღი ტყეები, მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობა იყოს შენარჩუნებული და გაუმჯობესებული, სწორად გამოვიყენოთ მერქნული რესურსი და არა მარტო შეშად", - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
მისივე თქმით, კოდექსიდან გამომდინარე მთავარი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ტყითსარგებლობის წესს განსაზღვრავს, ფაქტობრივად უკვე მომზადებულია და მალე მოხდება მისი დამტკიცება. ასევე მუშავდება სხვა კანონქვემდებარე აქტების პროექტებიც. მისივე თქმით, ტყის კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობისას, გამოიკვეთა საჭიროება, რომ კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანაც მოხდეს.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო კლიმატის მწვანე ფონდიდან 30 მლნ დოლარს იღებს გრანტის სახით.