ქართველი ფერმერები მზესუმზირის მოყვანით არ ინტერესდებიან
საქართველოში მზესუმზირის ნათესი ფართობი დაახლოებით 5 000 ჰექტარია, საჰექტარო მოსავლიანობა კი დაახლოებით 1 ტონა. ქვეყანაში ნაწარმოები მარცვლეული ძირითადად მცირე ზეთის სახდელებში გამოიყენება.
„გამოიყვანება კახური ზეთი, რომელიც იყიდება მარკეტებშიც. მზესუმზირას ნაკლებ ტენიანი, მშრალი ნიადაგი უყვარს. უფრო კახეთის რეგიონშია. თუმცა, ეს ისეთი კულტურაა, რომელიც ნიადაგს ძალიან ფიტავს და საჭიროა კულტურების მონაცვლეობა.
იმის გამო, რომ მზესუმზირის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დიდი სხვაობაა, საკვები ზეთი იმპორტზე შემოდის. მზესუმზირას მომგებიანობა დიდად არ აქვს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სწორი აგრო-ტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარებაც, რომ საჰექტარო მოსავლიანობა იყოს მაღალი. ეს კი შემდგომში ზეთის ფასს გააძვირებს. თუმცა, ფერმერებს ამ მიმართულებით დიდი დაინტერესება არ გამოუჩენიათ“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში $11 მლნ-ზე მეტის მცენარეული ზეთია იმპორტირებული, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარენით $2 მლნ-ით მეტი. მაჩვენებელი ძირითადად ღირებულებით გამოსახულებაში გაიზარდა, მსოფლიო ბაზარზე ზეთის გაძვირების გამო. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 8 000 ტონა მცენარეული ზეთი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10 000 ტონა.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში მზესუმზირას წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს იყო, როდესაც ერთწლიანი კულტურის წარმოებამ 16 000 ტონას მიაღწია, მას შემდეგ მზესუმზირის წარმოები მაჩვენებელი შემცირების ტენდენციას აჩვენებს, ყველაზე მცირე რაოდენობა კი 2014 წელს 1 600 ტონით განისაზღვრა.