სოფლის მეურნეობა
07/06/2021

კახელი ფერმერი: რთველზე მნიშვნელოვანია ქარხნებთან რიგები გაკონტროლდეს

2021 წლის რთველზე ფერმერებისთვის, საკადასტრო ამონაწერის ვალდებულების ამოქმედებას „ბიზნესპარტნიორთან“ კახელი ფერმერი ილია პიტუაშვილი აფასებს.

მისი ინფორმაციით, ამ ნაწილში სახელმწიფოს მიდგომა გამართლებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია, პროცესი რამდენად სწორად და თანმიმდევრულად განხორციელდება.

როგორც გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოს მკვიდრი განმარტავს, იმისთვის რომ რთველმა უპრობლემოდ ჩაიაროს, მნიშვნელოვანია განხორციელდეს კონტროლი.  

„პრობლემა ყოველთვის შეიქმნება ვიდრე ნაცნობობა არ მოისპობა ღვინის ქარხნების რიგებში. კადასტრი კი არა, რაც არ უნდა გაკეთდეს, თუ არ იქნა კონტროლი და ჩამბარებელი პუნქტები მრავლად არ იქნება, ფერმერს გაუჭირდება ყურძნის ჩაბარება.

როდესაც ღვინის ქარხანაში მივდივართ და მანქანას ვქირაობთ, არის დიდი რიგები. თუმცა, არსებობს ე.წ შავი შესასვლელი, საიდანაც შედიან ნაცნობობით, ვისაც ასეთი ნაცნობი არ გვყვავს შეიძლება მთელი ღამე რიგში დგომა მოგვიწიოს. აქ კი შემდეგი პრობლემა დგება - თუ ღამე მანქანა ვერ დაიცლება, იძულებული ვხდებით, დაქირავებულ მანქანას თანხა  ზედმეტად გადავუხადოთ,“ - აცხადებს პიტუაშვილი.

კახელი ფერმერი ვენახების კადასტრის დადებით მხარეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პროგრამის ამოქმედება სრულად აღმოფხვრის ფალსიფიკაციას და ყურძნის ხარისხს დაარეგულირებს.

„ჩვენი თემი მოიცავს 5 სოფელს, 95%-ს გვაქვს უკვე კადასტრი გაკეთებული,“-აცხადებს პიტუაშვილი.

როგორ აპირებს ღვინის ეროვნული სააგენტო რთველზე რიგების გაკონტროლებას, უწყებაში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული რიგების დანერგვის პროგრამაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პრობლემის აღმოფხვრაში. 

შეგახსენებთ, 2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება. პროცესი უკვე  მიმდინარეობს 5 მუნიციპალიტეტში.

სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების საკადასტრო პროგრამა წელს  წელს  კახეთში და რაჭაში დასრულდება. ჯამში დაგეგმილია, 25 000 ჰექტარის გადაღება.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მსგავსი  კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა  განვითარებული.