ილია არჩემაშვილი: მომხმარებლებს ვპირდებით, "თიანეთის ნობათი" მათ ნდობას აუცილებლად გაამართლებს
სოფლის მეურნეობის პროდუქტი, თიანეთიდან, დიდი ხანია განთქმულია თავისი ხარისხით, ეკოლოგიური სისუფთავითა და საოცარი გემოთი, თუმცა მზა, შეფუთული პროდუქცია რომლის სახელიც თიანეთთან იქნებოდა დაკავშირებული, ბაზარზე დღემდე არ შეგვხვედრია. ცოტა ხნის წინ კი საცალო ქსელში მშრალი ხილი გამოჩნდა საინტერესო და მიმზიდველი სახელით - „თიანეთის ნობათი“.
აღმოჩნდა, რომ საწარმო, რომელიც ამ გემრიელ, ნატურალურ და სასარგებლო ნაწარმს ამზადებს, მართლაც თიანეთში მდებარეობს, იქვე მოწეულ პროდუქტს გადაამუშავებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს და გეგმებიც შორსმიმავალი და საინტერესო აქვს.
„თიანეთის ნობათის“ ისტორიასა და გეგმებზე საწარმოს დამფუძნებელსა და დირექტორს ილია არჩემაშვილს ვესაუბრეთ.
„თიანეთის ნობათის“ ისტორია და პირველი ნაბიჯები
ილია არჩემაშვილსა და მის მეგობრებს თიანეთში წარმოების ამუშავების გეგმა დიდი ხნით ადრე გაუჩნდათ. კონკრეტულად „თიანეთის ნობათის“ დაარსების იდეა კი 2015 წელს, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის, ENPARD-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის შემდეგ დაიბადა, რაც არამერქნული ტყის პროდუქტების შრობასა და გადამუშავებას მოიცავდა. იგი ამბობს, რომ ამ რესურსით მხარე საკმაოდ მდიდარი და უნიკალურია და აქედან გამომდინარე, მეგობრებთან ერთად, შესაბამისი პროფილის კოოპერატივის შექმნა გადაწყვიტა, რომლის საქმიანობის მიმართულებაც ტყის არამერქნული პროდუქტისა და ხილის გადამუშავება იქნებოდა. სფეროში სრულიად გამოუცდელი მეგობრები საწარმოსა და ახალი საქმის მშენებლობას დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
„ENPARD-ის თანადაფინანსებით შევიძინეთ საწარმოო საშუალებები - ელექტრო და მზის საშრობები, სამაცივრე მეურნეობა და სხვადასხვა დანადგარი. ეს იყო დასაწყისი, თუმცა შემდეგ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დამატებით ფართი გვესაჭიროებოდა და საწარმოს შენობა მალევე გავაფართოეთ. ეს ყველფერი დაიგეგმა და განხორციელდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გათვალისწინებით.
„ჩამოვყალიბდით ოფიციალურ ორგანიზაციად, მოვიპოვეთ გრანტი და 2015 წელს, პირველი ნაბიჯები გადავდგით. დავიწყეთ ასკილის გადამუშავება, კოოპერატივის წევრებისგან და მოსახლეობისგან ვიბარებდით, ვაშრობდით და პროდუქტს შემდგომი გადამუშავებისთვის ვამზადებდით. დასაწყისში, 2017 წელს, სულ 800 კგ ასკილი დავამზადეთ, მაშინ როცა წელს უკვე 15 ტონა გვაქვს დამზადებული. ასეთი დრამატული ზრდა, პრინციპში, ჩვენ გათვლაც იყო, თუმცა სათანადო მოცულობის ფინანსურ რესურსზე წვდომის შემთხვევაში, უფრო მეტის შესაძლებლობაც გვქონდა,“ - ამბობს საწარმოს დამფუძნებელი.
მოგვიანებით კი, მისივე თქმით, იმის საშუალებაც გაჩნდა, რომ თანამშრომლებისთვის დამატებით სამუშაო ადგილები შეექმნათ - ისევ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის დახმარებით სათბური ააშენეს, სადაც ყვავილები მოჰყავთ, რომელიც საწარმოს ფუნქციონირებაში დიდ როლს თამაშობს და ასევე, საშუალებას იძლევა თანამშრომლებსა და პარტნიორებს დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ.
თიანეთის მდიდარი და გამორჩეული რესურსი
„თუ მცირე ბიზნესი არ განვითარდა, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება - ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი, მაგრამ თუ თიანეთში ამდენი რესურსი და საშუალება იქნებოდა, მეც კი ვერ წარმოვიდგენდი. ბევრი რამ ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. მუშაობის პროცესში თანდათან ჩნდება საკმაოდ ბევრი რამ, რისი წარმოებაც თიანეთში შეიძლება. მაგალითად: ტყემალი, კაკალი, თხილი, მშრალი ხილი, ხილფაფები, ვაშლი, ტყის კენკრა და სხვა მრავალი“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
მათთვის აღმოჩენა იყო ისიც, რომ მხარე განსაკუთრებით მდიდარია სამკურნალო მცენარეების იმ სახეობებით, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, სადაც სააფთიაქო წარმოებაში მცენარეული რესურსი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. ევროპელ მწარმოებლებში განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს თიანეთის ასკილი, ფურისულა და ფარსმანდუკი, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა.
„მთავარი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს და რაც ძალიან მტკენს გულს, არის ის, რომ ამ მდიდარი რესურსის მთლიანად ათვისებას ვერ ვახერხებთ. თუმცა პროგრესი, როგორც ვთქვი, დიდი გვაქვს. ასკილთნ ერთად წელს მოსახლეობისგან უკვე ჩავიბარეთ, ზღმარტლი, ძახველი და კვრინჩხი. იმედი მაქვს აქტიურობა ამ მხრივაც გაიზრდება და ჩვენი ტყის აქამდე აუთვისებელ სიმდიდრეს შემოსავლის წყაროდ ერთად ვაქცევთ. მთავარია, რომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვახერხებთ და იმ ფენას, ვისთვისაც ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საშუალებას ვაძლევთ თავის დასახლებასთან ახლოს ტყეში, თუნდაც საკარმიდამო ნაკვეთში ადრე გამოუყენებელი რესურსი მოიძიოს, ფულად აქციოს და ცხოვრება შეიმსუბუქოს“,- დასძენს იგი.
„თიანეთის ნობათის“ უპირატესობა
ამ თემაზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ულამაზესი მუნიციპალიტეტი, თიანეთი, მაღალმთიანი მხარეა. აქ როგორც ბიოლოგიური, ისე ქიმიური დაბინძურების დონე ძალიან დაბალია და პროდუქცია, რომელსაც „თიანეთის ნობათი“ აწარმოებს, ბიოლოგიურად სუფთაა. ამის სერტიფიცირება, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ რთულია, მაგრამ საგემოვნო თვისებებზე ნამდვილად აისახება. უნიკალური წყლის, ნიადაგისა და ჰაერის ზეგავლენით თიანეთში მოყვანილი და წარმოებული პროდუქტი გაცილებით უფრო გემრიელია, ვიდრე სხვა რეგიონებში, სადაც სოფლის მეურნეობაში, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა შხამ-ქიმიკატსა და დანამატს იყენებენ. ილია არჩემაშვილის თქმით, მხარეში ამ პრაქტიკას მოსახლეობა, ფაქტობრივად, არ მიმართავს და თიანეთის პროდუქტს ეს დიდ უპირატესობას სძენს. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოში ცდილობენ, რომ იმპორტირებული პროდუქტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლონ, ადგილობრივები დაასაქმონ და მათ შემოსავალი გაუჩინონ.
ბიზნესი და ურთიერთობები
„არის ისეთი შემთხვევებიც, როცა გამოსაყენებლად უვარგისი პროდუქტის მიღება და თქვენ წარმოიდგინეთ, ამაში ფულის გადახდაც კი გვიწევს. რა არის ამ დროს ჩვენი მოტივაცია და როგორ ვახერხებთ ასეთი მიდგომის ბიზნესთან შეთანხმებას? მიუხედავად იმისა, რომ გამოსაყენებლად უვარგის და გადასაყრელ პროდუქტში ფულს ვიხდით, ამით ადამიანების უფრო მეტ დაინტერესებას ვახერხებთ, რათა შემდეგში ჩასაბარებლად უკეთესი ხარისხის პროდუქტი მოგვიტანონ. რაც მთავარია, ამით ვინარჩუნებთ პარტნიორს, რომელიც ჩვენთან მომავალშიც სიამოვნებით ითანამშრომლებს. მიმაჩნია, რომ რაღაც სახით იმედი გავაჩინეთ, ბევრი მეუბნება, რომ მათთვის ბევრს ნიშნავს ის შემოსავალი, რასაც მაგალითად, ასკილის ჩაბარებით იღებენ. არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველდღიური პურის ფული ჩნდება, როცა ჩვენ ასკილის დამზადებას ვიწყებთ. არიან ქალები, რომლებიც დღეში აგროვებენ და ჩვენთან მოაქვთ 7 კილომდე ასკილი, რათა შემდეგ აღებული ფულით სახლში პროდუქტი წაიღონ და ეს მათი ერთადერთი შემოსავალია“, - ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.
სამომავლო გეგმები
მზარდი მოთხოვნის პარალელურად ახლადწამოწყებული ბიზნესი საწარმოო საშუალებების გაზრდას საჭიროებს. მხარეში ნედლეულის გაცილებით მეტი რესურსია და ამ ეტაპზე საწარმო მისი 10%-ის ათვისებასაც ვერ ახერხებს. „თიანეთის ნობათის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელია წარმოება გაიზარდოს, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ასევე არის შრომითი რესურსის ნაკლებობაც, რაც სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება.
USAID-ის დახმარებით მათ ახალი საწარმოო საშუალებების ძიება უკვე დაიწყეს, რაც საშუალებას იძლევა წარმოება გაორმაგდეს და ადგილობრივი რესურსიც მეტად იქნას ათვისებული. ეტაპობრივად იზრდება საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ წარმოების ზრდის პროპორციულად მასში ჩართული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება. ასევე მზარდია ბენეფიციარების, ანუ ტყის კენკრისა და ხილის ჩამბარებელთა რაოდენობაც. დამფუძნებლის თქმით, წარმოების დაწყებისას მათთან, ამ კუთხით, სულ 5-6 ადამიანი თანამშრომლობდა, ხოლო წელს ტყის პროდუქტი უკვე 300-ზე მეტი ადამიანისგან ჩაიბარეს. ახლო მომავალში კი ამ რიცხვის გაორმაგების იმედი აქვთ.
„სამომავლოდ წარმოების სერიოზულ ზრდას ვაპირებთ. სეზონური სამუშაოდან სრულ სამუშაო ციკლზე გადავალთ - გაზაფხულზე და ზაფხულში სამკურნალო მცენარეების შეგროვება, შემოდგომაზე - ხილის და ტყის რესურსის მიღება, ზამთარში კი მიღებული მარაგიდან სხვადასხვა მზა პროდუქტის წარმოება. ამასთან ერთად, წარმოებული პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდასაც ვგეგმავთ“,- სამომავლო გეგმებს გვიმხელს ილია არჩემაშვილი.
ბრენდი
„წარმოების ყველა დეტალში, ყველა სახის საქმიანობაში პირადად ვარ ჩართული. ეს ბრენდიც, „თიანეთის ნობათი“, ჩემი ინიციატივით შეიქმნა და თიანეთის სახელს დაუკავშირდა. ტექნოლოგიებსა და სიახლეებში ჯერ მე ვერკვევი, ვსწავლობ და მერე ჩემი თანამშრომლები ითვისებენ. ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა რომ ჩვენმა ბრენდმა თავისი ხარისხით სახელი გაამართლოს და ჩვენი მხარის გამორჩეული პროდუქტი ხალხს უფრო მეტადაც გააცნოს. პერსპექტივაში, „თიანეთის ნობათი“ ფართო ასორტიმენტის პროდუქციას გააერთიანებს. დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ძალიან წარმატებული წარმოების აშენებას“, - ეს ბატონი ილიას პასუხია, რომელიც გაგვცა კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის „თიანეთის ნობათი“ და რამდენად მნიშვნელოვანია სახელი და იმიჯი წარმოების პროცესში.
„თიანეთის ნობათის“ წარმოების დაფასოებული მშრალი ხილი საცალო ქსელში წელს უკვე საკუთარი ბრენდირებით შეიტანეს. აქამდე პროდუქტის რეალიზებას მხოლოდ საბითუმო სახით ახდენდნენ და საწარმოს დირექტორის თქმით, ეს საცალო ბაზარზე მათი პირველი და უკვე წარმატებული გამოცდილებაა. პროდუქციამ მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა და ამით საწარმოს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან მან მომხმარებლის იმედი სამომავლოდაც უნდა გაამართლოს, მით უფრო რომ პროდუქცია თიანეთის უნიკალურ ბუნებასთან ასოცირდება.
„მომხმარებლებს ვპირდებით, რომ მათ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ. პროდუქტი, რომელიც ახლა, ან მომავალში ბაზარზე ამ ბრენდირებით გამოვა, საუკეთესო ხარისხის იქნება და ამისთვის შრომასა და მონდომებას არ დავიშურებთ“, - დასძენს საწარმოს ხელმძღვანელი ილია არჩემაშვილი.